logo_geo
eng_logo
სოსო არჩვაძე: მიგრაციას ბოლო წლებში აშკარად შემცირების ტენდენცია აქვს
- +

13 სექტემბერი. 2021. 17:56

 

„მიგრაციის სალდოს გაუმჯობესების ტენდენცია პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას საქართველოში, აგრეთვე იმ სოციალური პროგრამების რეალიზაციას, რომლებიც მიზნად ისახავს მრავალშვილიანობის წახალისებას, სხვადასხვა სახის დახმარებას, მათ შორის მშობიარობისა და საბანკო დაკრედიტებასთან დაკავშირებით“, - ასე ეხმიანება ექსპერტი იოსებ არჩვაძე, ბოლო პერიოდში ოპოზიციური პარტიების მხრიდან გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, რომ თითქოს მიგრაცია 2012 წელთან შედარებით გაზრდილია.

 

არჩვაძის განცხადებით, 2004-2012 საქართველო 221.1 ათასი კაცმა დატოვა, რაც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობის ტოლია. არჩვაძე, ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ მიგრაციის უარყოფით სალდოს ბოლო წლებში აშკარად შემცირების ტენდენცია აქვს.

 

„თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ ველზე ვნებათაღელვის და პოლემიკის ერთ-ერთი ცენტრალური ხაზი მიგრაციაზე გადის. მიუხედავად მავანთა მცდელობისა, მიგრაციული მდგომარეობის აპოკალიფსური სურათი წარმოაჩინონ, რეალობა აბსოლუტურად სხვაგვარია და როგორც იტყვიან, „ისე არ წვიმს, როგორც ქუხს“. ერთად განვსაჯოთ. მიგრაციის უარყოფით სალდოს ბოლო წლებში აშკარად შემცირების ტენდენცია ახასიათებს.

 

2013-2020 წლებში მიგრაციის საშუალო წლიურმა უარყოფითმა სალდომ მხოლოდ 3275 კაცი შეადგინა, რაც 2004-2012 წლების მაჩვენებელზე (-24579 კაცი) 7.5 ჯერ ნაკლებია.

 

2004-2012 წლებში საქართველოს მოსახლეობის მიგრაციულმა ჯამურმა სალდომ შეადგინა 221.1 ათასი კაცი, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, იმ წლებში ქვეყანამ დაკარგა (სამუდამოდ თუ დროებით) იმდენივე მოსახლეობა, რამდენი მაცხოვრებელიცაა ამჟამად რუსეთის მიერ ფაქტობრივად ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ერთად აღებული; პანდემიის გამო საზოგადოებრიობას მხედველობიდან გამორჩა ერთი უაღრესად პოზიტიური მოვლენა - 2020 წელს, პირველად დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დაფიქსირდა მიგრაციის დადებითი სალდო (+15.7 ათასი კაცი), ანუ ფაქტობრივად მოხერხდა დემოგრაფიული ორმოდან ამოსვლა, რომელიც ვერ მოახერხა ვერც ერთმა წინა ხელისუფლებამ;

 

მიგრაციის სალდოს გაუმჯობესების ტენდენცია პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას საქართველოში, აგრეთვე იმ სოციალური პროგრამების რეალიზაციას, რომლებიც მიზნად ისახავს მრავალშვილიანობის წახალისებას, სხვადასხვა სახის დახმარებას, მათ შორის მშობიარობისა და საბანკო დაკრედიტებასთან დაკავშირებით.

 

აღნიშნულ პროგრამებში სახელმწიფოს თანადაფინანსების დონე იზრდება ბავშვთა შობადობის მაჩვენებლის ზრდის შესაბამისად; სახელმწიფოს აქტიური სოციალური და დემოგრაფიული პოლიტიკის ხელშეწყობით, ახალშობილთა საერთო რაოდენობაში მესამე და მომდევნო ბავშვთა წილი გაიზარდა 2012 წლის 15.7 პროცენტიდან 2020 წლის 25.8 პროცენტამდე, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში მრავალშვილიანი ოჯახების ტრადიციის აღდგენის გზაზე“, - წერს არჩვაძე facebook-ზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner