"მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების შესახებ სასამართლო პროცესი გაიმართა, ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ბრძანება ექსტრადირების შესახებ ძალაში შედის", – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინელმა ადვოკატმა, მაქსიმ სიჩენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და პროცედურა ხელოვნურად იყო დაჩქარებული.
„სასამართლო გაიმართა, ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბრძანება ექსტრადირების შესახებ ძალაში შედის. ვფიქრობ, ორი კვირის განმავლობაში მოხდება. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ პროცედურა იყო ხელოვნურად დაჩქარებული და რომ უკრაინული სამართლებრივი რიგი ნორმები იგნორირებული იყო. გარდა ამისა, უკრაინას ამ წელს მისგან არ მიუღია დოკუმენტები იმისთვის, რომ ეღიარებინა ის იმ პირად, რომელსაც სჭირდება დამატებითი დაცვა.
ჩვენ ვამბობდით, რომ ჩვენი კანონმდებლობით ამ ვითარებაში ექსტრადირების უფლება არ ჰქონდათ, თუმცა არ მოგვისმინეს. არის ბრძანება მისი ექსტრადირების შესახებ უკრაინის იუსტიციის სამინისტროდან, რასაც ჩვენ ვასაჩივრებთ და სასამართლომ დღეს გადაწყვიტა, არ დააკმაყოფილოს ჩვენი საჩივარი. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრძანება არის კანონიერი და შესაძლებელია მისი შესრულება“, – განაცხადა მაქსიმ სიჩენკომ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა მეგის ქარდავამ 11 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინიდან საქართველოში მისი ექსტრადირება დაჩქარებულად იგეგმება. ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც „ფეისბუქზე“ მეგის ქარდავას სახელით მისმა მეუღლემ გამოაქვეყნა. ამასთან, მეგის ქარდავა განცხადებაში სახალხო დამცველს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, დაიცვან მისი უსაფრთხოება.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მეგის ქარდავას ექსტრადიცია მოითხოვება 11 სისხლის სამართლის საქმეზე, რასთან დაკავშირებითაც იგი გარკვეულ საქმეებზე დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.
საქართველოში 10 სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული და მსჯავრდებული მეგის ქარდავა უკრაინაში 2017 წლის პირველ ნოემბერს დააკავეს. ქარდავას ექსტრადირებას ქართული მხარე მისი დაკავების დღიდან ითხოვს.
ამასთან, 2018 წლის დეკემბერში მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ქარდავა უკრაინაში შეღწევას რუმინეთის ტერიტორიიდან ყალბი პასპორტის მეშვეობით ცდილობდა.