„ავღანეთში რომ დავრჩენილიყავით, ომი კიდევ 5, 10 ან 20 წლით გაგრძელდებოდა“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას.
„წინა ადმინისტრაციის მიერ მიღწეული შეთანხმება ავღანეთიდან აშშ-ის ყველა ჯარისკაცის 1-ლი მაისისთვის გაყვანას მოითხოვდა. პრეზიდენტს რომ თავისი წინამორბედის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ შეესრულებინა, თავდასხმები განახლდებოდა“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ენტონი ბლინკენის თქმით, უამრავმა ადამიანმა არ იცის ის შეთანხმება, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ გააფორმა.
„ამ შეთანხმების ფარგლებში, წინა ადმინისტრაციამ ზეწოლა მოახდინა ავღანეთის მთავრობაზე, რათა მას 5 000 თალიბი გაეთავისუფლებინა, მათ შორის რამდენიმე სამხედრო მეთაური. გარდა ამისა, წინა ადმინისტრაციამ ჩვენი ძალების რაოდენობა 2 500 ჯარისკაცამდე შეამცირა. სანაცვლოდ, თალიბები აშშ-ისა და პარტნიორ ძალებზე თავდასხმის შეწყვეტას დათანხმდნენ“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.