logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: სააკაშვილი საქართველოსთან დაკავშირებით იმ სცენარს ამზადებს, რომელიც ჯერ კიდევ თებერვალში უნდა გათამაშებულიყო
- +

14 სექტემბერი. 2021. 14:46

 

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა რამდენჯერმე დააანონსა, თუმცა დაპირება მხოლოდ სიტყვებად დარჩა.

 

არც 2021 წელი ყოფილა გამონაკლისი, ექსპრეზიდენტმა მორიგი დაბრუნებით ქართველ ხალხს თავი კიდევ ერთხელ შეახსენა და მოუწოდა, რომ მის ჩამოსვლამდე ქვეყანაში არსებულ ვითარებას „ცოტა კიდევ შეეგუონ“.

 

კავკასიის საკითხებში ექსპერტი, მამუკა არეშიძე „პრაიმტაიმს“ აწვდის ინფორმაციას, რა სცენარს ამზადებს სააკაშვილი საქართველოსთან დაკავშირებით და რა პროცესების განვითარებას გამოიწვევს ექსპრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა.

 

არეშიძის განცხადებით, ეს არის სცენარი, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ თებერვალში უნდა განხორციელებულიყო.

 

„სააკაშვილი საქართველოსთან დაკავშირებით იმ სცენარს ამზადებს, რომელიც ჯერ კიდევ თებერვალში უნდა გათამაშებულიყო. ამ სცენარის მიხედვით, სააკაშვილი საქართველოში თურქეთის მხრიდან უნდა შემოსულიყო, მას თან უნდა ხლებოდა 500 კაცამდე ემიგრანტთა ჯგუფი და აქ მხარდამჭერები უნდა დახვედროდნენ.

 

ვიმეორებ, ახლაც ასეთივე სცენარი მზადდება. კარგად ვხედავთ, საქართველოში პიროვნულად სააკაშვილის მომხრეების მობილიზაცია როგორ მიმდინარეობს.

 

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა აუცილებლად გამოიწვევს სამოქალაქო დაპირისპირებას, რადგან თუ სააკაშვილს დახვდებიან მომხრეები, იქ მივლენ მისი მოწინააღმდეგეებიც. სააკაშვილს ციხეში ჩაჯდომა არ უნდა, მაგრამ ჩამოსვლის შემთხვევაში სხვა სცენარის განვითარებას ვერ ვხედავ, რადგან ქვეყანაში სერიოზული სამოქალაქო დაპირისპირება იქნება და პირდაპირ ციხეში წავა. ეს ძალიან ცუდი სცენარია და ქვეყნისთვის დამანგრეველია, სისხლიც დაიღვრება.

 

ისიც უნდა ითქვას, რომ სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლა საერთაშორისო საინფორმაციო სივრცის შემადგენელი ნაწილი გამხდარიყო," - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

 

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე დღის წინ დააანონსა. პარტია „კანონისა და სამართლის“ დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა კი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების მიზნით, ორგანიზაცია „საერთო სახალხო მოძრაობა“ შექმნა.

 

ორგანიზაციის მიზანი მსჯავრდებული სააკაშვილის სამართლებრივი ხელშეუხებლობის მოპოვებაა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner