„8 წელი ვემსახურე იმ ბლოკს, რომლის ერთ-ერთი ნაწილიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია. მინდა ამ სამსახურს სოლიდარობა და მხარდაჭერა დავუდასტურო“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანის თქმით, მხოლოდ ჩემი მინისტრობის 8 წლის განმავლობაში ამ უწყების თანამშრომლებს არაერთი ადამიანი გადაურჩენიათ და ტერორისტული აქტი აუცილებია თავიდან ქვეყნისთვის.
„აღარაფერს ვამბობ სხვა ძალიან დიდ რისკებზე, ამიტომ ჩემი მხარდაჭერა მათ. ისინი არიან დღეს სამიზნე, პოლიციაც არის სამიზნე და ჩვენი მაწანწალა კიევში გამაგრებული ყოფილი მთავარსარდალი უკვე ჯარს მიმართავს და ცდილობს ჯარის დესტაბილიზაციას. მომდევნო კვირებში ჩვენ უნდა ველოდოთ თავდასხმებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე, თავდასხმებს პოლიციაზე, ჯარზე და იმ სტრუქტურებზე, რომლებზეც ოკუპირებული ქვეყანა და ზოგადად სახელმწიფო დგას პირველ რიგში. ებრძვიან ამ ყველაფერს და ამიტომაც არის ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. მე ველოდები გამოძიებას და მაინტერესებს, როდესაც ერთ-ერთი ტელეარხიდან ვისმენთ, თითქოს 6 თუ 7 ათასი ფაილი არსებობს, რომელიც მოიპოვეს აწ უკვე გარდაცვლილი ადამიანისგან. მე ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ახლა ამ გარდაცვალებითაც შეეცდებიან მანიპულირებას, როგორც ეს იყო ბაჩალიაშვილის, ხორავას ქუჩის საქმეებზე. უკაცრავად გამოთქმისთვის, „ტრუპების მენტალიტეტიდიან“ ვერ გამოვიდნენ. პოლიტიკურმა ხელისუფლებამ კი არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე, როგორც ეს მათ სურთ, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმან, ვინც უსმენდა და იმანაც, ვინც ამას ტირაჟირება გაუკეთა. ტირაჟირებამ შეიძლება ადამიანები თვითმკვლელობამდე მიიყვანოს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.