logo_geo
eng_logo
კულტურის სამინისტრომ სხვადასხვა პროექტის დაფინანსების მიზნით კიდევ 5 ახალი კონკურსი გამოაცხადა
- +

15 სექტემბერი. 2021. 14:23

 

დღეს, 15 სექტემბერს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სხვადასხვა პროექტის დაფინანსების მიზნით 5 ახალ კონკურსს აცხადებს:

 

  1. „კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“

 

კონკურსისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 500 000 ლარს და მისი მიზანია თავისუფალი შემოქმედებითი  პროცესებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ინოვაციური იდეების განხორციელების ხელშეწყობა და ქვეყანაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება.

 

კონკურსის გათვლილია შემდეგი მიმართულებებისათვის: სახვითი ხელოვნება, ფოტოგრაფია, თეატრი, კინო, გამოყენებითი ხელოვნება, ხალხური რეწვა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და არქეოლოგია. მასში იგულისხმება, პირველ რიგში, ის პროექტები, რომელთა დაფინანსებასაც, შესაძლოა, არ ითვალისწინებდეს „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ სხვა კონკურსები.

 

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს.

 

  1. „ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობა“ (მეორე ეტაპი)

 

კონკურსისათვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 50 000 ლარს და მისი მიზანია ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებთან ინტეგრირება; ახალგაზრდა ხელოვანების მოტივაციის გაზრდა და ნიჭიერ ახალგაზრდათა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

 

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს 18-დან 35 წლის ასაკამდე ფიზიკურ პირს, რომელიც:

 

ა) ჩარიცხულია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) პროგრამაზე;

 

ბ) აქვს სახელოვნებო სფეროში საქმიანობის გამოცდილება.

 

კონკურსანტს აღნიშნულ კონკურსში შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა.

 

  1. „ახალი ქართული წიგნი“ - საგამომცემლო სექტორის ხელშეწყობა (მეორე ეტაპი)

 

კონკურსისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 50 000 ლარს და მისი მიზანია ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ლიტერატურული პროცესების განვითარება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა თანამედროვე ქართული მხატვრული ლიტერატურის ახალი გამოცემების ხელშეწყობის გზით.

 

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს - გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს, რომლებსაც აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება აქვთ.

 

  1. ,,კლასიკური და ხალხური საკრავების ოსტატთა ხელშეწყობა“

 

კონკურსისათვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი შეადგენს 20 000 ლარს და მისი მიზანია: კლასიკური ან/და ხალხური საკრავების ოსტატთა საქმიანობის ხელშეწყობა;  კლასიკური ან/და ხალხური საკრავების ოსტატთა სახელოსნოების მატერიალურ–ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს.

 

  1. ,,სასცენო სამოსის (ფეხსაცმელი და აქსესუარები) ოსტატების ხელშეწყობა”

 

კონკურსისათვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი შეადგენს 20 000 ლარს და მისი მიზანია: სასცენო სამოსის აქსესუარების ან/და ფეხსაცმლის ოსტატთა საქმიანობის ხელშეწყობა; სასცენო სამოსის აქსესუარების ან/და ფეხსაცმლის ოსტატთა სახელოსნოების მატერიალურ–ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს.

 

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2021 წლის 15 სექტემბრიდან  2021 წლის 24 სექტემბრის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით.

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ კონკურსები „ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობა“ და „ახალი ქართული წიგნი“ - საგამომცემლო სექტორის ხელშეწყობა მიმდინარე წლის ივლისში ერთხელ უკვე იყო გამოცხადებული და ათეულობით პროექტი დაფინანსდა კიდეც, მაგრამ ამ კონკურსების მიმართ მაღალი ინტერესის გამო და დამატებითი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, კულტურის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება თანხების მოძიებისა და ამ კონკურსების კვლავ გამოცხადების შესახებ.

 

შეგახსენებთ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“  N7864 ბრძანება,  ფორმულარები და საკონკურსო პირობები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner