„ჩვენ გვაქვს იმის ძალიან რეალური შესაძლებლობა, რომ გავიმეოროთ და გავაუმჯობესოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგი - მაშინ ჩვენ შედეგი იყო 48%-ზე მეტი და ამის გამეორებისა და გაუმჯობესების ყველანაირი რესურსი გვაქვს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.
მისივე თქმით, საბოლოოდ, ყველაფერი საზოგადოებასა და მის აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული, თუმცა ამაზე მეტყველებს დღევანდელი რეიტინგები.
„რაც შეეხება კონკრეტულ მუნიციპალიტეტებს, თბილისში გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ პირველ ტურში კახა კალაძემ დამაჯერებლად მოიგოს, რაც ჩვენთვის პრინციპული ამოცანაა. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, მეორე ტურებს ბევრგან არ ველოდებით. ძალიან მცირეა კანდიდატების რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით. ზოგან არის 2, 3, 4 კანდიდატი - უმეტეს შემთხვევაში 4 კანდიდატს არ აღემატება რაოდენობა. აქედან გამომდინარე ბევრ მეორე ტურს არ ველოდებით და ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ 64-ივე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ მერის არჩევნები, მათ შორის უდიდეს უმრავლესობაში პირველივე ტურში და ასევე საკრებულოში ყველგან შეგვიძლია დავაკომპლექტოთ ჩვენი უმრავლესობა. მით უმეტეს, რომ ოპოზიცია პრაქტიკულად არ მუშაობს, არ არის ჩართული საარჩევნო მუშაობაში, ხალხს არ ესაუბრება, არანაირი პროგრამა არა აქვს - ეს ყველაფერი დამატებით გავლენას მოახდენს საბოლოო შედეგზე. ასეც რომ არ იყოს, ჩვენი რეიტინგი ძალიან მყარია და დარწმუნებული ვართ ძალიან კარგ შედეგში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.