ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, სასამართლოში სარჩელი გუშინ, 16 სექტემბერს შეიტანა. ინფორმაციას იურიდიული ფირმა BLB ავრცელებს, რომელიც ამერიკელ კოლეგებთან ერთად იცავს ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს.
„სარჩელი ეხება Netflix-ის მიერ სერიალ The Queen’s Gambit-ის კულმინაციურ ეპიზოდში მიზანმიმართულად გაჟღერებულ მცდარ ცნობებს, ნონა გაფრინდაშვილის ლეგენდარული კარიერული მიღწევების შესახებ.
სერიალში ნონა გაფრინდაშვილის შესახებ მცდარი ცნობების გაჟღერებამ უპრეცედენტო რეზონანსი გამოიწვია მსოფლიოს მასშტაბით, როგორც სხვადასხვა ჟურნალისტურ წყაროებში, ასევე საზოგადოებრივ და მათ შორის საჭადრაკო წრეებში", - ვკითხულობთ BLB-ის პრესრელიზი.
ნონა გაფრინდაშვილი არის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი - 1962; 1965; 1969; 1972; 1975 წლები;
მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული - 1963; 1966; 1969; 1972; 1974; 1978; 1980; 1982; 1984; 1986; 1992 წლები;
პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი - 1983 წელი;
ევროპის საჭადრაკო კავშირის უმაღლესი საჭადრაკო ჯილდო „ოქროს პაიკის" მფლობელი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე 1989 -1996 წლები;
საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი.