logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი!
- +

26 ივლისი. 2016. 03:54


სრულიად შემთხვევით წუხანდელი "პრიორიტეტი" უნახავთ ჩემიანებს. ასეთი პრიმიტიული "ცირკით" ისინი, როგორც წესი, არ ერთობიან, მაგრამ, კეთილმოსურნეს რა დალევს და, მოსალოდნელი "ავანტიურის" შესახებ წინასწარი გამაფრთხილებელი ზარის შემდეგ მოხდა გამონაკლისი... ამ "უბედურების" ნახვის შემდეგ შვილიშვილმა მესიჯი გამომიგზავნა შეკითხვით: ამათ შენგან რაღა უნდათო?


მარტო ერთი მესიჯი და ზარი რომ ყოფილიყო, კიდევ არა უშავს... მაგრამ წამოვიდა, მარა, რა წამოვიდა...


მიზანი? ცოტა არ იყოს, გაუგებარია... ესეც ფარულად გადაღებული კადრები ხომ არ არის, ავადმყოფურ ინტერესს რომ იჩენს ზოგიერთი პრეტენზიული მდედრი-წამყვანი?


დავიჯერო, ვინმეს გულწრფელად აინტერესებს, ვისთან ვმეგობრობდი 20-30 წლის წინ, ვინ მყავს აყვანილი ე.წ. "მფარველობის" ქვეშ, ანდა, ვის "ვუგორებ კოჭს"?

ეტყობა, სხვა ფორმით ვერ "შემიტყუეს" დებატებში...

ბევრი სხვა "რამის" პარალელურად ერთი ვერ გავიგე, რატომ ან რა თემაზე უნდა "ვედებატო" ბ-ნ თემურ ხაჩიშვილს? მასავით ვარ ჩაბმული პოლიტიკურ თუ წინასაარჩევნო პროცეში, 75-ს მიტანებულ კაცს რაიმე კარიერისტული მიზანი მაქვს თუ რა?.. და ამის გასარკვევად რატომ აირჩია ეს "პოპულარული" ეკრანი, განა მშვენივრად არ იცის ჩემი ადგილსამყოფელი და ტელეფონის ნომერი?!


ჰოდა, ავიღე ტელეფონი და დავურეკე ბ-ნ ხაჩიშვილს. მივიღე არამარტო სათანადო ახსნა, არამედ ცალსახად გამოთქმული პირადი სიმპათიებიც!!!


ახლა რომ ვინმემ ეს ჩემი "აღიარება" გამოიყენოს და ბ-ნი ხაჩიშვილის პოლიტიკური გუნდის (მით უმეტეს, მისი ერთი ნამეტნავად "ზნეობრივი" თანამებრძოლის) მფარველად გამომაცხადოს, ხომ მექნება თავი მოსაკლავი?! მეგონა, მოვიშორე "კრემლის აგენტის" იარლიყი და ამან ისევ არ "დამაწინაურა"?


ამ საუბრის და მოყოლით გაცნობილი ტელეგადაცემის შემდეგ, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ახალი წინასაარჩევნო "პიარკამპანია" გაჩაღებულა და ჩემი პერსონით "სუფრა დაამშვენეს". ისე რომ, არც კი შეეშინდათ ყელში გაჩხერვის...


რა თქმა უნდა, ხაჩიშვილის "გუნდმა" ჩინებულად იცის საკუთარი შესაძლებლობები და, ვფიქრობ,  არავითარი ილუზია არ უნდა ჰქონდეთ წინასაარჩევნო მარათონის შედეგებთან დაკავშირებით.

მაგრამ ხაჩიშვილისტებმა ისიც კარგად იციან, რომ ამ "სკანდალური" გზით შეუძლიათ მუდმივად თუ არა ინტენსიურად მაინც დაიმკვიდრონ ადგილი მედია-სივრცეში სენსაციების მოყვარულ მოჟურნალისტო ელემენტებთან თუ "მონათესავე" რესპოდენტებთან დიალოგის (დებატების, კამათის, ლამძღვა-გინების და ა.შ.) გზით.


"პრიორიტეტი" ამის თვალნათელი მაგალითია. სხვათაშორის მისთვის ეს პირველი არ არის და, როგორც ჩანს, არც უკანასკნელი.

საზოგადოდ ცნობილია, რომ დიდი ძალის მქონე მედიას ერთი პუბლიკაციით შეუძლია "ვარსკვლავად" (დადებითად თუ უარყოფითად) აქციოს ესა თუ ის პერსონა. მაგრამ ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებმა (მხოლოდ ბეჯითმა და არა...) პირველივე კურსიდან იციან ის ანბანური ჭეშმარიტება, რომ ათჯერ, ასჯერ უფრო დიდ ეფექტს იძლევა, ჟურნალისტური ჟარგონით რომ ვთქვათ, "არდანახვის", "არშემჩნევის" პრაქტიკა. მედიის ასეთი შეგნებული "სიბრმავე" სასიკვდილო განაჩენია ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის, მით უმეტეს,  თუ საზოგადოებას მაინცდამაინც გულზე არ ეხატება იგი...


მესმის, რომ საქართველოს სამართლებლივი სივრცე სასჯელის ამ უმაღლეს ზომას საბედნიეროდ აღარ ცნობს. მაგრამ, არავის აუკრძალავს მისი გამოყენება მედიასივრცეში.

პირიქით!

სამწუხაროდ, ამ პრაქტიკას არვინ იყენებს, რამეთუ ქართული მედია-სივრცე, განსაკუთრებით ტელევიზია, ცოცხლობს... სკანდალით! განსაკუთრებით იმ სკანდალით, რომელიც მეტწილად პოლიტიკას და პოლიტიკოსებს ეხებათ.

ამზარზენია ეს რეალობა!

და ყველამ რომ დაიკავოს ამ მხრივ პრინციპული პოზიცია, მივიღებთ ჯანსაღ გარემოს, ანუ ნაკლებ სკანდალს, ნაკლებ სიბინძურეს, ნაკლებ პრიმიტივიზმს...


ეს "ეკოლოგიურად" სუფთა გარემო საზოგადოების წინაშე გააშიშვლებს ყველა მედიასტრუქტურას, მათ ნამდვილ, რეალურ სახეს, რეალურ "ღირებულებას", რაც უმალ იმოქმედებს ე.წ, "რეიტინგულობაზე"...

ჰოდა, მაღალი რეიტინგის მიღწევას ამ სკანდალების და მარაზმის გარეშე ჭირდება უფრო მეტი ძალიხმევა - პროფესიონალიზმის და ზნეობრიობის მაღალი სტანდარტი.

საკითხავია, რამდენი ტელევარსკვლავი თუ მოჟურნალისტო გოგო-ბიჭუნა "გაქაჩავს" აუდიტორიის შენარჩუნებას ამ გზით, ამ მეთოდით, ამ ტექნოლოგიებით?

ვფიქრობ, ცოტა, ძალიან ცოტა! მათ შორის, დარწმუნებული ვარ, არ იქნებიან ისინი, ვინც ცნობილია სკანდალური ელფერის მქონე, სხვისი თეთრეულის ქექვის, ჭუჭრუტანაში ცქერის დაუოკებელი სურვილით აღსავსე პუბლიკაციებით, ვისი გვარსახელიც ახლა ყველას რომ აკერია პირზე, რამეთუ მათ მწირ განათლებას (უპირველესი ნიშანი), რესპოდენტთან ურთიერთობის ტექნოლოგიის სიღარიბეს და აშკარა პროვინციალურ-პრიმიტიულ ყელყელაობას ვერ გადაფარავს ვერც ხმის ტემბრი, ვერც ჭრელ-ჭრულა სამოსი და ვერც აშკარა უკულტურობა, მით უმეტეს, მდიდარი სექსუალური ცხოვრებით ტრაბახი, რომელიც ჩვეულებრივ, ადამიანურ სილაღედ უნდათ "შემოგვასაღონ"...

ყველაფერი, რასაც ახლა ვამბობ, ჩემმა მეგობრებმა ცხელ გულზე ნათქვამ სიტყვად მიიღეთ, რომლის მიზანიც მაინც გარკვეული ინფორმაციის მოწოდება გახლავთ ვიღაც-ვიღაცეების წამონაროშის ასახსნელად!

რაც შეეხება დებატებში ჩემს გამოწვევას, ისე და იქამდე არ აუდგა გვერდები მავანს, ( რესპოდენტს თუ წამყვანს) ვიდრე მიხილავს ამ სეირისა და მარაზმის მონაწილედ!

ჰოდა, ისევ ტაში, კუკური!!!!!


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner