logo_geo
eng_logo
იოსებ არჩვაძე: ბოლო თვეებში ეკონომიკის ზრდის პოზიტიური ტრენდის შენარჩუნების პირობას წარმოადგენს ხელისუფლების ცალსახა მხარდაჭერა ბიზნესისადმი
- +

17 სექტემბერი. 2021. 14:56

 

 

საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 29.9 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის ეროვნული პროდუქტი, რეალურ ფასებში, ორნიშნა მაჩვენებლით აღემატება არა მხოლოდ წინა წლის მაჩვენებელს, არამედ პანდემიამდელი 2019 წლის აბსოლუტურ მოცულობასაც (+13.9%). ორნიშნა ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან ფიქსირდება 2021 წლის პირველ ნახევარშიც (+12.5%) და იანვარ-ივლისშიც (+12.2%).

 

ეკონომიკის ექსპერტის იოსებ არჩვაძის განცხადებით, ლარის გამყარებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ქვეყნის ეროვნული პროდუქტის მოცულობა დოლარულ განზომილებაში. კერძოდ, 2021 წლის მეორე კვარტალში ქვეყნის მშპ-მა 4782.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მეორე კვარტალის მონაცემს 35.0 პროცენტით, ხოლო მიმდინარე წლის პირველი კვარტალის მონაცემს - 40.6 პროცენტით აღემატება.

 

მისი თქმით, დოლარულ განზომილებაში ეროვნული პროდუქტის მოცულობის ზრდა უმნიშვნელოვანესი პირობაა ქვეყნის საგარეო ვალის ტვირთის შემსუბუქებისა და სახელმწიფო ვალების დაჩქარებულ რეჟიმში გასტუმრებისათვის.

 

ექსპერტის შეფასებით, 2021 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი - თითქმის 1/6 - ვაჭრობაზე მოდიოდა (15.9%), ზრდამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 53.9 პროცენტი, ხოლო კრიზისამდელ, 2019 წლის მეორე კვარტალთან შედარებით - 33.6 პროცენტი შეადგინა.

 

„ეკონომიკის ინდუსტრიული პროფილის განმსაზღვრელი დარგების წილად (მრეწველობა, მშენებლობა) მოდის ქვეყნის მშპ-ის 25.1 პროცენტი - 2.9 პუნქტით მეტი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. ფაქტობრივად, 2021 წლის მეორე კვარტალში მხოლოდ ორ დარგში შეინიშნება მცირეოდენი უკუსვლა დამატებული ღირებულების შექმნაში - აგრარულ სექტორსა (-2.3%) და განათლებაში (-1.4%). სამაგიეროდ, ზრდა აღინიშნება დარგებში, რომლებშიც იქმნება ქვეყნის მშპ-ის თითქმის 9/10 (88.5%). ამასთან, იმ დარგებში (დამმუშავებელი მრეწველობა, წყალმომარაგება, მშენებლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო შუამავლობა, ჯანდაცვა, ხელოვნება და გართობა...), სადაც ეკონომიკური ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან მნიშვნელოვნად აღემატება მშპ-ის ზრდის ზემოთ უკვე მოხსენიებულ ტემპს (+29.9%), იქმნება ქვეყნის ეროვნული პროდუქტის 3/5-ზე მეტი (61.0%)“, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

 

ეკონომიკის ექსპერტის შეფასებით, ეკონომიკის ზრდის ბოლო თვეებში ჩამოყალიბებული პოზიტიური ტრენდის შენარჩუნების პირობას და ფაქტობრივ გარანტორებს წარმოადგენენ ქვეყანაში ეპიდვითარების თანდათანობითი გაუმჯობესება, ეკონომიკის გახსნილობა, ტურისტული სექტორის გამოცოცხლება, ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდა, რის დასტურია ადგილობრივი ექსპორტის წინმსწრები ზრდა ეკონომიკის ზრდასთან შედარებით, ასევე ხელისუფლების ცალსახა მხარდაჭერა ბიზნესის შემდგომი განვითარებისათვის თანმიმდევრული პოლიტიკისა და შესაბამისი მსხვილმასშტაბიანი პროგრამების რეალიზაციით.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner