იუსტიციის სამინისტროს სპეციალური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა ნიკა ცხვარაშვილმა, მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების შესახებ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო პროცედურები, ისევე, როგორც ექსტრადირება, წესების სრული დაცვით წარიმართება.
„ექსტრადირებამ დადგენილი წესებით, გართულებების გარეშე ჩაიარა. ამჟამად, მეგის ქარდავა შესახლდება რუსთავის #12 დაწესებულებაში და წარიმართება კანონმდებლობით დადგენილი პროცესები“, - აღნიშნა ნიკა ცხვარაშვილმა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში 11 სექტემბერს დააკავეს, დღეს კი საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა. საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებას მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვდა. გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.
მეგის ქარდავა თავდაპირველად 2018 წელს, რუმინეთის ტერიტორიიდან ყალბი პასპორტის მეშვეობით უკრაინაში შეღწევის მცდელობისას დააკავეს. იმავე წლის დეკემბერში მას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა.