logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ალიანსი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას NATO-ში ინტეგრაციის გზაზე
- +

26 ივლისი. 2016. 10:33



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ამბასადორიალი 2016"-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილება უბრალოდ დროის საკითხია და ის უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.

მთავრობის მეთაურის თქმით, როგორც საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ივლისის დეკლარაციამ ცხადყო, ქვეყანაში არსებული პლურალიზმისა და აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური ძალა ერთიანია ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური მიზნების განხორციელებაში.

 

„ეს კურსი საქართველოს მოქალაქეების არჩევანია და გამოხატავს მთელი ჩვენი საზოგადოების სწრაფვას, გვქონდეს დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო, რომლის ყურადღების ცენტრშიც არის ადამიანი, მისი თავისუფლება და უსაფრთხოება და ამ გზით დავიმკვიდროთ ღირსეული ადგილი ევროპულ ოჯახში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეების ამ დაკვეთის შესრულების კუთხით ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ უმნიშვნელოვანეს პროგრესს მიაღწია.

 

„პირველი ივლისიდან ძალაში შევიდა ასოცირების შეთანხმება და ახდა არაერთი თაობის ოცნება - ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაცია და პოლიტიკური ასოცირება - რაც ევროკავშირში ინტეგრაციის გზის ჯერ მხოლოდ დასაწყისია", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.


მთავრობის მეთაურის განცხადებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი უკვე არის ჩვენი პოლიტიკური განვითარების, მრავალი წარმატებული რეფორმისა და ზოგადად ქვეყნის ევროპული გზის დასტური.


„ეს პროცესი გადამწყვეტ ფაზაშია შესული და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ მოგზაურობაზე გადაწყვეტილება უბრალოდ დროის საკითხია და ის უახლოეს მომავალში იქნება მიღებული. აქ საუბარი არ არის უბრალოდ უვიზო რეჟიმზე, ეს გადაწყვეტილება იქნება ერთგვარი გარდატეხა საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების პროცესში. ამიტომ ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღნიშნული საკითხი უმოკლეს ვადებში გადაწყდეს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


მან ასევე ისაუბრა NATO-ს ვარშავის სამიტის შედეგებზე და განაცხადა, რომ აღნიშნულ სამიტზე მიღებული მხარდაჭერა და დაპირებები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩრდილოატლანტიკურ ბლოკსა და საქართველოს შორის არსებულ, სიღრმითა და მასშტაბით უნიკალურ პარტნიორობას, პროგრესს ინტეგრაციის გზაზე და საქართველოს წევრობის გარდაუვალობას.


„ალიანსი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას NATO-ში ინტეგრაციის გზაზე, ხელს უწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ზრდის ძალისხმევას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მიმართულებით. ეს იმას ნიშნავს, რომ იხსნება ახალი შესაძლებლობები, ჩვენი ქვეყანა ჩამოყალიბდეს უსაფრთხოების უფრო ფართო რეგიონის ნაწილად - რეგიონისა, რომლის სახელმწიფოთა ნაწილიც NATO-სა და ევროკავშირის წევრები არიან", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


მისივე თქმით, თავის მხრივ, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, ქვეყანა განაგრძობს ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ ოპერაციებში მონაწილეობას.

 

NATO-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის მოცულობით, კვლავ ვრჩებით პირველი, ალიანსის არაწევრ სახელმწიფოთა შორის. ეს არის ნათელი დასტური იმისა, რომ საქართველოს შესწევს უნარი, იყოს მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი გლობალურ უსაფრთხოებაში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner