ექპერტი დავით ქართველიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებლისა და ექს-პრემიერის გიორგი გახარიას ავსტრიაში ჩატარებული ნარკოლოგიური ტესტის ჩაბარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„არც არავის სამედიცინო წიგნაკში ვიხედები, არც მით უმეტეს - საძინებელ ოთახში. უბრალოდ - თუ მაგალითად, მექალთანე ხარ, ალბათ „ოჯახური ფასეულობების საზოგადოებას“, როგორც მინიმუმ, არ უნდა ხელმძღვანელობდე. ან მაგალითად, თუ მეგისი ხარ ქარდავა, რომელსაც თბილისის აეროპორტის საფრენ ბილიკთან ამბორი მოგწყურდა - უკრაინაში ყალბი ცნობის მეშვეობით, მოსყიდული ექიმის ხელშეწყობით - საავადმყოფოში მართლმსაჯულებას არ უნდა ემალებოდე. თუ მაგალითად გიორგი ხარ გახარია და შენი პირადი ფსიქოემოციური განწყობა, რომელიც საკუთარი ღალატისა თუ დამპალი გარემოცვის გამო - აშკარად დაგიქვეითდა და მის ამაღლებას ანტიდეპრესანტები თუ უფრო მძიმე ნარკოტიკები სჭირდება, არც ესაა გლობალური მასშტაბის პრობლემა, გარდა პირადი ტრაგედიისა, თუკი, რა თქმა უნდა, შენი მძიმე, მათ შორის, სამედიცინო თვალსაზრისით მდგომარეობა - ერს არ გინდა, რომ მოგვახვიო. იმკურნალე ჩუმად, გნებავს - ანონიმურად. მაგრამ - სპეციალისტი შეარჩიე სწორად. თუ კბილი აგტკივდა - გინეკოლოგთან ნუ მიხვალ, სულაც რომ ნაცნობი იყოს შენი. ხოლო ნარკოდამოკიდებულებით - ნევროპათოლოგს ნუ მიაკითხავ. არ გიშველის“, - წერს დავით ქართველიშვილი.