„მე არ ვიცი რა კომპრომატები აქვს, შეიძლება უბრალოდ ზოგადი ფრაზაა, რომ აჟიოტაჟი ატყდეს და საფუძველი საერთოდ არ გააჩნია. თუ არის მასალა მაშინ კონკრეტულად ვილაპარაკოთ, თუ ამას ვერ ვაკეთებთ, მაშინ ან არ არის ან არ უნდა მისი გაშუქება და მაშინ არ უნდა ილაპარაკოს“, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა განაცხადა. მან ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაკეთებული განცხადება შეაფასა. მეუფე იაკობის განცხდებით, გიორგი გახარია შს მინისტრობის დროს, მაღალი თანამდებობის პირებისგან მღვდლებსა და სასულიერო პირებზე კომპრომატების შეგროვებას ითხოვდა.
„მე არ ვუყურებ გადაცემებს, რადგან ძირითადად ან ფეიკებია, ან ლანძღვაა, ან განკითხვაა, ან დემაგოგია. როცა გავიგე ამ ფარული ჩანაწერების შესახებ, დავინტერესდი და ვნახე, მაგრამ ვფიქრობ არც ესაა დოკუმენტი, მაგრამ აქ არის ერთი რამ, რომ უსაფრთხოების სკოლას ქვეყანაში, ყველა დროში თავისი მოვალეობა ჰქონდა. მეფე დავით აღმაშენებლის დროს მსტოვართა ინსტიტუტი იყო. აშშ-ის სპეცსამსახურები უსმენდნენ გერმანიის პრემიერ-მინისტრს, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს... ეს უშიშროების სამსახურის ვალდებულებაა, რომ ის იყოს საქმის კურსში, მაგრამ რაც ეხება ამის გასაჯაროებას, ეს დანაშაულია. ვინ აკეთებს ამას, ეს უნდა მოიკითხოს ხელისუფლებამ“, - განაცხადა იოანე გამრეკელმა.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში დოკუმენტის გასაჯაროება კი არ ხდება, არამედ მხოლოდ ლაპარაკია და რა არის თვითონ დოკუმენტში ეს არ ჩანს.