“ჯერ საქართველოში არ მომხდარა, რომ რომელიმე პარტიის კანდიდატი სხვა პარტიის შტაბში შეჭრილიყო და დღეს ეს იყო პირველი შემთხვევა”, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი შეიჭრა შტაბში და რომ არა წინა დღეებში ჩვენი მოწოდება და უდიდესი მოთმინება, რისთვისაც ჩვენი შტაბის წარმომადგენლებს უღრმესი მადლობა უნდა გადავუხადოთ, იქნებოდა სერიოზული დაპირისპირება. შერჩეული იყო ისეთი ლოკაცია, სადაც არის კიბე, მეორე სართული და ამ კიბეს მოაჯირი ზედა მხარეს საერთოდ არ ჰქონდა. მცირე შეხლა-შემოხლა და რომელიმე ოპერატორი, ჟურნალისტი, „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი, ან ჩვენი შტაბის რომელიმე წარმომადგენელი გადავარდებოდა. ანუ, ასეთი ლოკაცია იყო და ფაქტი ისაა, რომ ასეთი ადგილი იყო შერჩეული. შტაბში რაღაც მოგონილი არგუმენტით მიუვარდნენ და წარმოიდგინეთ, ეს მოუთმინეს, მაგრამ ადამიანის მოთმინებასაც აქვს საზღვარი. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამ საღამოს დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ბათუმში ჩვენი შტაბის წარმომადგენლები, აქტივისტები და მხარდამჭერები დაგვეწყნარებინა. მე პირადად და არა მარტო მე, ტელეფონზე საათობით ლაპარაკი დამჭირდა იმისთვის, რომ იქ არ მივარდნოდნენ. ჰქონდათ რაღაც გეგმები, რომ ცოცხები და „კასტილები“ დაეყარათ. მერე შეიძლება, ისინი გამოსულიყვნენ, ამათთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ და კუნთების თამაში თუ არის, ვერც კუნთებით მოგვერევიან, მაგრამ მართლა ამით ხომ არ უნდა ვილაპარაკოთ“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, იგივე კანდიდატი, ვინც „ქართული ოცნების“ შტაბში შეიჭრა და პროვოკაცია მოაწყო, ნაშუადღევს, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის საკმაოდ ხალხმრავალ შეხვედრაზე ბავშვთან, ორი-სამი წლის გოგონასთან ერთად მივიდა, დიდი ალბათობით, იმის იმედით, რომ იქაც რაღაც მოხდებოდა.
„იგივე კანდიდატმა შუადღის შემდეგ, საღამოს იცით, რა გააკეთა? – „ქართული ოცნების“ შტაბში შეჭრა რომ არ გამოუვიდა და რაღაც შედეგი ვერ მიიღო, წავიდა და „ოცნების“ მერობის კანდიდატის საკმაოდ ხალხმრავალ შეხვედრაზე ბავშვთან, ორი-სამი წლის ანგელოზივით გოგონასთან ერთად მივიდა, ალბათ, იმის იმედით, რომ იქაც რაღაც მოხდებოდა, ამ ბავშვთან ერთად ფიზიკურ შეურაცხყოფას ვერავინ მიაყენებდა და ეს გათვალა თუ რა, არ ვიცი, მაგრამ რაღაც საოცრებებს აკეთებენ. ჯერ რას რისკავს, მერე ამაში რა მორალი დევს, ჩემთვის მართლა წარმოუდგენელია, გულწრფელად გეუბნებით. ვერ წარმომიდგენია, რა კანდიდატიც არ უნდა იყო და რა პოლიტიკური მიზნებიც არ უნდა გქონდეს, ხალხმრავალ ადგილებში შენი მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის შეხვედრაზე ბავშვთან ერთად მიხვიდე, ბავშვი გარისკო და შენი თავი გარისკო, ან არ გარისკო და დიდი მადლობა, თუ ასე დარწმუნებულია თითოეული ჩვენი მომხრის კეთილსინდისიერებაში. ეს მართლა ასე აღმოჩნდა და იქაც არაფერი მოხდა, როცა იქაც მძიმე შეურაცხყოფას აყენებდა“, – განაცხადა მდინარაძემ.
შეკითხვაზე, რა შეფასებას მისცემს ოპოზიციის განცხადებებს, რომ სხვადასხვა ადგილას გამოჩენილი ბანერების უკან, სადაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან გამოსახული – „არა ნაცებს, არა ძალადობას“, სწორედ „ქართული ოცნების“ კვალია, ხოლო ერთ-ერთ ინიციატორად თავადაც სახელდება, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ მისთვის გაცილებით უარესი რამეც დაუბრალებიათ.
„ეს მე რომ გამეკეთებინა, აქცენტს ცოტა სხვა პერსონალიებზე გავაკეთებდი. ვისზე, აღარ გავაგრძელებ, თორემ ამას ცალკე სპეკულაციები მოჰყვება. „ნაცმოძრაობაში“ გაცილებით მძიმე ცოდვიანი ადამიანებიც არსებობენ და ამას სხვანაირად გავაკეთებდი“, - განაცხადა მდინარაძემ.
შეკითხვაზე, დატოვებდა თუ არა ამ ბანერზე გიორგი გახარიას, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარიას არ გამორიცხავდა.
„მე ამ შემთხვევაში არ მქონდა გახარიაზე საუბარი. თუ იქ ვიღაცამ მიაწერა – არა ღალატს, აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება ჰქონდა, ამ ბანერზე გიორგი გახარიაც დაესვა, მაგრამ ესეც არ არის ჩემი საქმე. მეორე მხრიდან, საარჩევნო სარეკლამო კლიპებში სიძულვილისა და ზიზღის ენის მაქსიმალური ხარისხი არის დაჭერილი და თუ რამე შეიძლება აკადრო მმართველ გუნდს, ან პერსონალურად, მის რომელიმე წარმომადგენელს, ყველაფერია ნაკადრები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.