ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების, აკო ჭელიძის და გიორგი კავილაძის ადვოკატი დალი ბარბაქაძე აცხადებს, რომ გუშინ კავილაძეს და ჭელიძეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.
მისი განცხადებით, ოჯახები გამოძიებასთან კავშირზე არიან, თუმცა აცხადებენ, რომ ძებნილების ადგილსამყოფელი არ იციან.
დალი ბარბაქაძის განცხადებით, მას აჩვენეს ვიდეო, რის საფუძველზეც ბრალის წაყენება მოხდა. როგორც ადვოკატი ამბობს, გამოძიებას აქვს ვიდეო, საიდანაც ჩანს კავილაძე და ჭელიძე ვერაზე როგორ არიან ჩასაფრებულები და უთვალთვალებენ მსხვერპლს.
„გამოძიებამ მაჩვენა სათვალთვალო კამერით გადაღებული სროლის კადრები, როგორც მითხრეს მოახდინეს ამ პირის იდენტიფიცირება და ეს აკო ჭელიძეა. მეორე ბრალდებულს რაც შეეხება, მისი გადაადგილების ვიდეო არ უჩვენებიათ, თუმცა განმიმარტეს, რომ ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარედ აკო ჭელიძესთან ერთად კავილაძეც იყო ჩასაფრებული და მსხვერპლს უთვალთვალებდა“, – განუცხადა ადოკატმა საქართველოს პირველ არხს.
ნიკა კვარაცხელია ვერაზე 15 სექტემბერს მოკლეს.