logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: ქართულმა დიპლომატიამ მოახერხა, მნიშვნელოვანი წარმატებებისათვის მიეღწია
- +

26 ივლისი. 2016. 11:20



საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ „ამბასადორიალი 2016"-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო პოლიტიკა წარმატებული იყო, მიუხედავად არცთუ მშვიდი საერთაშორისო გარემოსი.


ჯანელიძემ,  ასევე, ქართველ დიპლომატებს გაწეული თავდადებისა და წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გასული წლის განმავლობაში ქართულმა დიპლომატიამ მოახერხა მნიშვნელოვანი წარმატებებისათვის მიეღწია ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების მიმართულებით.


„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება არის უმნიშვნელოვანესი ტრადიცია, რომელიც არა მხოლოდ დიპლომატიური სისტემის შიგნით, არამედ ხელისუფლებასა და დიპლომატებს შორისაც უწყობს ხელს აზრთა გაცვლასა და კოორდინაციის გაძლიერებას.

 

სწორედ აღნიშნული ღონისძიება გვაძლევს შესაძლებლობას შევაჯამოთ გასული ერთი წლის განმავლობაში დიპლომატიური უწყების მიერ გაწეული საქმიანობა, ხაზი გავუსვათ მიღწეულ წარმატებებს, ასევე ვისაუბროთ იმ თემებზე, სადაც საჭიროა უფრო მეტი ძალისხმევის მიმართვა და დავსახოთ გზები ჩვენი საქმიანობის გასაუმჯობესებლად, ქვეყნის წინაშე დასმული ამოცანების გათვალისწინებით.

 

გასული წელი საერთაშორისო არენაზე დატვირთული იყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენებით. ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი ჩვენს დიპლომატებს იმ წვლილისა და თავდადებისთვის, რამაც შესაძლებელი გახადა საქართველოს წარმატებული საგარეო პოლიტიკა არცთუ მშვიდ საერთაშორისო გარემოში. მინდა, ასევე, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორ ქვეყნებსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოს მხარდასაჭერად გაწეული ძალისხმევისათვის.

 

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდის განმავლობაში მსოფლიო დადგა უდიდესი გამოწვევების წინაშე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებს, არამედ თვით დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს. ახლო აღმოსავლეთში არსებულმა არასტაბილურობამ, გახშირებულმა ტერორისტულმა აქტებმა, თანამედროვე ისტორიაში უპრეცედენტო ლტოლვილთა ნაკადმა და ქვეყნებს შორის საყოველთაოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის მცდელობამ გამოიწვია ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მასშტაბური რყევები საერთაშორისო სისტემაში. მიუხედავად ასეთი გარემოებებისა, კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ გასული წლის განმავლობაში ქართულმა დიპლომატიამ მოახერხა მნიშვნელოვანი წარმატებებისათვის მიეღწია ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების მიმართულებით", - განაცხადა ჯანელიძემ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner