ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება, სადაც მისი სახელი 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს დაუკავშირეს. „პრაიმტაიმი“ ოთარ ფარცხალაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. განცხადება მისმა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა გაავრცელა.
„მსურს გამოვეხმაურო უბინძურეს ცილისწამებას, რაც გუშინდელ სიუჟეტში გააჟღერეს. პირველ რიგში უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ უნიჭიერესი ახალგაზრდის, ნიკა კვარაცხელიას გარდაცვალების გამო, სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და მეგობრებს. ჩემთვის ორმაგად სამწუხარო და აღმაშფოთებელია, რომ ამ უდიდესი ტრაგედიის ფონზე, პარტიული ტელევიზია აჟღერებს ისეთ დაუსაბუთებელ და ბინძურ ბრალდებებს, რაც არ ჯდება არც სიტყვისა და გამოხატვის, არც ჟურნალისტიკის და არც ადამიანობის ფარგლებში.
ჰაერზე ნათქვამი სიტყვები, თითქოს მე, ოთარ ფარცხალაძე ვმფარველობ მკვლელებს, რასაც არ მოჰყოლია თუნდაც ერთი, იოტისოდენა, რეალობასთან ახლოს მყოფი მტკიცებულება, არის ტალახის სროლა ჩემი მისამართით. ეს არის უბინძურესი, მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელსაც ჩვენი მხრიდან აუცილებლად მოყვება შესაბამისი რეაქცია. ჩემს მიმართ აქამდეც არაერთი ტყუილი გაუვრცელებია სააკაშვილის კონტროლირებად ფეიკნიუსების ქარხანას, მაგრამ მკვლელებთან კავშირი და მათი მფარველობა არის ის წითელი ხაზი, რომელიც აღარ მაძლევს გაჩუმების უფლებას. პირველ რიგში მივმართავ სახალხო დამცველს, სასწრაფოდ მოახდინოს რეაგირება ამ უბინძურეს ცილისწამებაზე და შეფასება მისცეს „მთავარი არხის“ პროვოკაციას. ასევე საჯაროდ და განცხადებით მივმართავ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, უმოკლეს დროში განიხილოს ჩემი საჩივარი და დაადგინოს, რამდენად ჯდებოდა სტანდარტებში ყოველგვარი ფაქტების გარეშე მკვლელების მფარველობის დაბრალება.
ამასთანავე ჩვენ დღესვე შეგვაქვს სარჩელი სასამართლოში და მოვითხოვთ ამ გაუგონარი ადამიანებისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას და ტყუილის საჯაროდ აღიარებას. და ბოლოს, ყველას მოგიწოდებთ, ვისაც ეს დეზინფორმაციის გამავრცელებლები ტყუილებს გაბრალებენ, ფეიკებს დგამენ და თავს გამართლებინებენ, ტალახს გესვრიან და ცდილობენ, ზიანი მოგაყენონ, არავითარ შემთხვევაში არ გაჩუმდეთ. აუცილებლად იდავეთ სამართლებრივად, რათა საზოგადოებამ ნათლად იხილოს, რომ ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზიების მთავარი ამოცანა სწორედ ჩვენი, საზოგადოების ჩათრევაა იმ წუმპეში, რასაც დეზინფორმაცია და ზიზღის ენა ქვია”, – ნათქვამია ოთარ ფარცხალაძის განცხადებაში.