„საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთერთი თვალსაჩინო გამოვლენა საგარეო სავაჭრო ბრუნვის ორნიშნაა ზრდაა. იგი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.2 პროცენტით გაიზარდა და 8633.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ექსპორტის ზრდის ტემპი, ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებული ტენდენციის შესაბამისად, საგრძნობლად უსწრებდა იმპორტის ზრდის ტემპს (შესაბამისად, 25.7% და 20.7%) და წლის განვლილ 8 თვეში 2610.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივ ექსპორტზე მოდიოდა საქართველოს იანვარ-აგვისტოს ექსპორტის 72.7 პროცენტი და აგვისტოს თვის 70.8 პროცენტი,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ.
ექსპერტის შეფასებით, ექსპორტის ზრდის პოზიტიურ ტრენდს აძლიერებს ის გარემოება, რომ ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა, რომელმაც მხოლოდ აგვისტოში 239.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, უსწრებს არა მხოლოდ გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს (+17.7%), არამედ პანდემიამდელი 2019 წლის აგვისტოს მაჩვენებელსაც (+32.0%).
იოსებ არჩვაძის თქმით, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს საქართველოს ექსპორტის სწრაფი ზრდა ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან (ჩინეთი, თურქეთი, რუსეთი). ამ ქვეყნებთან ექსპორტის მოცულობა იანვარ-აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 45.8 პროცენტით და 1010.4 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა. თანაც, მათთან ექსპორტის მოცულობა 2-ჯერ და უფრო სწრაფად მატულობდა იმპორტის ზრდასთან (21.3%) შედარებით, რის გამოც ამ სახელმწიფოებთან ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მაჩვენებელი საგრძნობლად - 7.6 პუნქტით გაუმჯობესდა (2020 წლის 37.7 პროცენტიდან 2021 წლის 45.3%-მდე) და 2.3 პუნქტით გადაუსწრო საქართველოს ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მთლიან მაჩვენებელს (43.0%).
ამასთან, აღნიშნული ზრდა მიმდინარეობს საგარეო ბაზრების დივერსიფიცირების პარალელურად, რის გამოც ხსენებული ქვეყნების ჯამობრივი წილი საქართველოს მთლიან ექსპორტსა და ბრუნვაში 2/5-ზე ნაკლებია (შესაბამისად, 38.7% და 37.3%). კიდევ უფრო მაღალია ზემოხსენებული „დიდი სამეულის“ (თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი) წილი საქართველოს ექსპორტში, სადაც ის მთელი ადგილობრივი ექსპორტის თითქმის ნახევარს შეადგენს (49.8%).
„საგარეო სავაჭრო ურთიერთობებში შეინიშნება რამდენიმე აშკარად გამოკვეთილი ტენდენცია: ა) ექსპორტის უპირატესი ზრდა იმპორტის ზრდასთან შედარებით; ბ) ექსპორტის ზრდის ფონზე საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან (ჩინეთი, თურქეთი, რუსეთი) ექსპორტის კიდევ უფრო მაღალი, ფორსირებული ზრდა; გ) საქართველოს რეექსპორტის განმახორციელებელი ქვეყნის ფუნქციის შენარჩუნება და გაძლიერება, რაც მთლიანობაში ქვეყნის ხელისუფლების და ქართული ბიზნესისათვის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის თანმიმდევრული და რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგის კომპლექსურ გამოხატულებას წარმოადგენს,“ - განაცხადა ექსპერტმა.