logo_geo
eng_logo
„სიყვარულს, როგორც ვეება კოცონს, ფერფლიც დიდი აქვს" - დღეს თამაზ ჭილაძის დაბადების დღეა
- +

6 მარტი. 2016. 18:22



5 მარტს გამორჩეულად საყვარელ მწერალსა და დრამატურგს, უამრავი პრემიის ლაურეატს, საოცრად ყურადღებიან და თბილ ადამიანს, ბატონ თამაზ ჭილაძეს 85 წელი შეუსრულდა.


გთავაზობთ ამონარიდს მისი ინტრევიუდან:


თამაზ ჭილაძე:

- აბა, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა დიდებული რამ იქნებოდა ცხოვრება, სიბერის მერე ისევ ახალგაზრდობა რომ იწყებოდეს!.. 15 წლის წინ სიბერეს "წაგებული თამაშის გარჩევა" ვუწოდე და ახლაც იმავეს ვფიქრობ. მე ვისაც "ვეთამაშებოდი" და ახლაც, ჯერჯერობით, "ვეთამაშები", დაუმარცხებელი მეტოქე გახლავთ! იყო დრო, როცა ზოგიერთი ჭრილობა პიროვნების ღირსებაზე მეტყველებდა. ასეთივეა ამ შემთხვევაში "წაგების" ცნებაც სიცოცხლესთან გამართულ ტურნირში. მთავარია, ეცადო, როგორმე ღირსეულად "ითამაშო"!...


- გიყვართ "გახსენება" თუნდაც გაცდენილი დღეების, წლების, სიყვარულის?.. "მხურვალე თოვლში იწვის ქვეყანა, ფიქრს რამოდენა ფერფლი ჰქონია!.." - ბატონო თამაზ, მართლა დიდი "ფერფლი აქვს ფიქრს" ან რა არის ის "ფერფლი"?


- ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ გაცდენილი დღეები, წლები არ მქონია. საერთოდ, საეჭვოა ასეთი რამ არსებობდეს, თუკი ადამიანი ნამდვილად ცხოვრობს. რაც შეეხება სიყვარულს, მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ის დიდი ბედნიერებაა, რომელსაც, თუ ღმერთი ინებებს და გამოგიგზავნის, მერე (არა აქვს მნიშვნელობა, პირველია თუ მერამდენე!) შენი არსების აუცილებელი ნაწილი ხდება, სხვა სიტყვებით - შენი სული იზრდება და მდიდრდება სიყვარულით. ასე რომ, ამ გრძნობას, ანუ სიყვარულს, როგორც ვეება კოცონს, ფერფლიც დიდი აქვს, ოღონდ ეს, თუ შეიძლება ითქვას - ცოცხალი ფერფლია, საერთოდ, მოგონებები ცოცხალი ფერფლია, მეტი არაფერი...


წყარო: კვირის პალიტრა


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner