logo_geo
eng_logo
პროკურატურამ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვა დაიწყო
- +

26 ივლისი. 2016. 12:24


 

„რამდენადაც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურის აქტიური მონაწილეობით, საქართველოს პარლამენტში შექმნილი იყო სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უნდა შეემუშავებინა საკანონმდებლო ცვლილება გამამტყუნებელი განაჩენების გამარტივებული გზით გადასინჯვასთან დაკავშირებით.

 

ამ მიმართულებით გაწეული მუშაობის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის ივლისის თვეში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის  310-ე მუხლში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც, თუკი ახალი გამოძიების პირობებში გამოვლინდება ახალი ფაქტები და გარემოებები, რაც წინა განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და პროკურატურა გამოიტანს დადგენილებას მსჯავრდებული პირის უფლების დარღვევის თაობაზე,  ეს გახდება საფუძველი ხელახალი სასამართლო განხილვის ჩატარების და განაჩენის გადასინჯვის.

 

სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, ახალმა დეპარტამენტმა  სამი მსჯავრდებულის: იოსებ ჯანდიერის, თემურ სალაყაიას და ანდრო ჩხიკვიშვილის მიმართ, განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.  ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეებზე, ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი მსჯავრდებულები არიან. კერძოდ,  ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ მოქალაქეები იოსებ ჯანდიერი, თემურ სალაყაია და ანდრო ჩხიკვიშვილი გასამართლებულ იქნენ და იხდიდნენ სასჯელს წინა ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოლიტიკური შეხედულებების და მათი უკანონო მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო.

 

მოქალაქე იოსებ ჯანდიერის მიმართ  სისხლის სამართლებრივი დევნა მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ მან დემონსტრაციულად დატოვა პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგები.  2003 წლიდან იოსებ ჯანდიერი მუშაობდა პოლიტიკურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის საგანგებო სიტუაციების სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. 2007 წლის 4 ნოემბერს, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, მან დატოვა პარტიის რიგები და შეუერთდა აქციას, სადაც მან დემონსტრაციულად დახია პარტიული მოწმობა. ამ ფაქტიდან, რამოდენიმე დღეში,  2007 წლის 13 ნოემბერს, მასთან სახლში შევიდნენ შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებმაც საძინებელ ოთახში ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი" და მოახდინეს მისი დაკავება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 10 მარტის განაჩენით იოსებ ჯანდიერი გასამართლებულ იქნა ცრუ ბრალდებით - ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის და მას მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2008 წლის 24 ნოემბერს, პრეზიდენტის შეწყალებით, ისე, რომ მას ეს არ მოუთხოვია, მან დატოვა საპატიმრო დაწესებულება. 

 

მეორე მოქალაქე, რომლის განაჩენიც გადაისინჯება, გახლავთ შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი თემურ სალაყაია, რომელიც მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ მის მიმართ ჰქონდათ ეჭვი პოლიტიკურ პარტია „ქართულ ოცნებასთან" კავშირის თაობაზე.  კერძოდ, 2012 წლის 2 ივნისს, თემურ სალაყაია თავის მეუღლესთან ერთად ავტომანქანით საკუთარი სახლის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც იგი სამსახურიდან გამოიძახეს და ჭანტურიას ქუჩაზე, ეკონომიკის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლა სთხოვეს. ადგილზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის და შსს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლების ერთობლივი მოქმედებით მოხდა თემურ სალაყაიას დაკავების ინსცენირება,  იმ საფუძვლით, რომ თითქოს  მან უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს". დაკავებული თემურ სალაყაია გადაიყვანეს შსს ძველი თბილისის განყოფილებაში, სადაც მას სთხოვდნენ „ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობის  აღიარებას, რასაც დაკავებული კატეგორიულად უარყოფდა.  2012 წლის 4 ივნისს, მას წარედგინა ცრუ ბრალდება ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვისთვის,  აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და შესახლებულ იქნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. საპატიმროდან მისი გათავისუფლება მხოლოდ 2012 წლის 5 ოქტომბერს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოხერხდა. 

 

დაზარალებულ მესამე მოქალაქეს წარმოადგენს ანდრო ჩხიკვიშვილი, რომელმაც ყალბი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე 5 წელი მოიხადა საპატიმროში.  კერძოდ,  ანდრო ჩხიკვიშვილი იყო შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში, რომლის მიმართაც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გააჩნდა დავალიანება. 2006 წლის სექტემბერში ანდრო ჩხიკვიშვილი დაიბარეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და მოსთხოვეს შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლების დარწმუნება, რათა მათ აღარ მოეთხოვათ ქართული მხარისგან მისაღები თანხა.  აღნიშნულ მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ, ანდრო ჩხიკვიშვილი 2006 წლის 18 ოქტომბერს დააკავეს თაღლითობის ცრუ ბრალდებით, რასაც საფუძვლად დაედო  ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ყოფილი ექსპერტის ნუგზარ ბელქანიას მიერ შედგენილი ყალბი დასკვნა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 04 ივლისის განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180-ე მუხლით.  გაყალბებული მტკიცებულების საფუძველზე ანდრო ჩხიკვიშვილმა 5 წელი გაატარა საპატიმრო დაწესებულებაში.

 

ხსენებული სამივე მოქალაქის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც ჩვენ მივმართავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით.

 

პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდება უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვას და მათი დარღვეული უფლებების აღდგენას,  შეუქცევადი ხასიათი ექნება და ჩვენ დეპარტამენტის შედეგებით პერიოდულად წარვსდგებით საზოგადოების წინაშე", - განაცხადეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner