logo_geo
eng_logo
იოსებ არჩავაძე: „Moody’s“-ის შეფასება და პოზიტიური პროგნოზი მთლიანად ემყარება როგორც ეკონომიკაში მიღწეულ შედეგებს, ისე საქართველოს ხელისუფლების მიერ ცალსახად გაცხადებულ რეფორმების განგრძობით ხასიათს
- +

21 სექტემბერი. 2021. 13:17

 

 

„ბოლო თვენახევრის მანძილზე უკვე მესამე მსხვილმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „Moody’s“-მა გამოაქვეყნა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შეფასება და დატოვა იგი უცვლელად Ba2 დონეზე, დაადასტურა რა იმავდროულად, მისი სტაბილური პერსპექტივა. მიუხედავად პანდემიის პერიოდის ურთულესი გამოწვევებისა, აღნიშნული ავტორიტეტული სააგენტოს მიერ ჩვენი ქვეყნის შეფასების შენარჩუნების ფაქტორები შემდეგია: ა) ეფექტური მაკროეკონომიკური პოლიტიკა; ბ) პანდემიამდელ პერიოდში გატარებული სისტემური რეფორმები; გ) სახელწიფოს პროგნოზირებადი და საიმედო ინსტიტუტები“, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს ანგარიშს საქართველოს შესახებ.

 

მისი თქმით, ის, რომ ქართული მხარე წლებია ინარჩუნებს აქტიურ, ეფექტიან ურთიერთობებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, პირველ რიგში, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ასევე პოზიტიურად იქნა შეფასებული სააგენტოს მიერ.

 

„Moody’s“-ს შეფასებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა ხელისუფლების მიერ პანდემიის პერიოდში გატარებულმა ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა, მათ შორის სოციალურად ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისა და ბიზნესის დასახმარებლად. ამან მნიშვნელოვანწილად განაპირობა ეკონომიკის აღდგენის პროცესის დაჩქარება და მაკროეკონომიკური ინდიკატორების უმრავლესობის მიხედვით პანდემიამდელი დონის დაძლევა. სააგენტო პოზიტიურად აფასებს საშუალოვადიან პერიოდში ფისკალური დეფიციტისა და სახელმწიფო ვალის შემცირების პერსპექტივებსაც“, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

 

ექსპერტის ინფორმაციით, სარეიტინგო სააგენტოს მიერ აღნიშნულ შეფასებას აქვს არა მარტო შემეცნებითი, არამედ მაღალი გამოყენებითი ღირებულება იმიტომ, რომ: ჯერ ერთი, აღნიშნული შეფასება ფაქტობრივად იზიარებს „Fitch“-სა და „S&P“-ს მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ ანალოგიური ტიპის შეფასებებს და მათთან რეზონანსულად, მთლიანად ეწერება ქვეყნის სარეიტინგო შეფასებათა საერთაშორისო „ფარვატერში“; მეორე, აღნიშნულ შეფასება იძლევა კიდევ ერთ მკაფიო, ხმამაღალ და ობიექტურ შეტყობინებას ქართული სახელმწიფოს მდგრადობასა და მის ადეკვატურ რეაგირებაზე ქვეყნის შიდა თუ გარე ეკონომიკურ გამოწვევებთან მიმართებაში; მესამე, „Moody’s“-ის ვერდიქტი ხაზს უსვამს ქვეყნის ფინანსური, საბანკო-საკრედიტო ინსტიტუტების მდგრადობასა და სანდოობას, რაც განსაკუთრებით საგულისხმოა საზღვარგარეთული კერძო ფინანსური ინსტიტუტებისა და პოტენციური ინვესტორებისათვის.

 

„სააგენტო თვლის, რომ რეფორმების განგრძობადი ხასიათი და შიდა რესურსების უფრო სრული და ეფექტიანი გამოყენება, რისკების დაბალანსება და ეკონომიკური აქტივობების, მათ შორის ექსპორტის დივერსიფიცირება ხელს შეუწყობს როგორც საგარეო შოკებისადმი ქვეყნის ეკონომიკის მოწყვლადობის შემცირებას, ისე უახლოეს მომავალში საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებასაც. საერთაშორისო საკრედიტო სააგენტოს შეფასება და პოზიტიური პროგნოზი მთლიანად ემყარება როგორც ეკონომიკაში მიღწეულ შედეგებს, ისე საქართველოს ხელისუფლების მიერ ცალსახად გაცხადებულ რეფორმების განგრძობით ხასიათს და იმ პოლიტიკას, რომელიც უკვე იძლევა პრაქტიკულ შედეგს ეკონომიკური ზრდის მაღალი, რეგიონში საუკეთესო მაჩვენებლების სახით“, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner