logo_geo
eng_logo
მაია მწარიაშვილი: ნონა გაფრინდაშვილისა და „Netflix“-ის დავა უპრეცედენტოა მხარეთა წონითი კატეგორიების გათვალისწინებით
- +

21 სექტემბერი. 2021. 13:46

 

 

„მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ნონა გაფრინდაშვილი არის ქართველი და ეს თემა მსოფლიო პრესის მთავარი გვერდებიდან არ ჩამოდის. ასევე გვაქვს დიდი მოლოდინი სასამართლოსგან, რადგან შეტანილი სარჩელი არის ერთი ნაბიჯი მოგებისკენ“, - ამის შესახებ „იმედის დღეში“ ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა განაცხადა, რომელიც „Netflix“-თან დავაში ნონა გაფრინდაშვილის უფლებებს იცავს.

 

„ნონა გაფრინდაშვილმა მთელ მსოფლიოს შეახსენა, რომ ქართველია. ასევე განაცხადა, რომ აქვს დამსახურება და მოითხოვს პატივისცემას. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ეს უპრეცედენტო მასშტაბის სამართლებრივი დავაა, მხარეთა წონითი კატეგორიის გათვალისწინებით. აქეთაა მსოფლიო ლეგენდა და იქით მსოფლიო მასშტაბის უდიდესი მედიამაგნატი. ამ ტიპის დავაში იურისტების გუნდი მონაწილეობს. ჩვენი იურიდიული კომპანია (ბმბ) და კინოინდუსტრიაში მოღვაწე ტოპ იურისტები“, - განაცხადა მწარიაშვილმა.

 

ადვოკატის ინფორმაციით, მხარეებს შორის დავა გაცილებით ადრე დაიწყო, თუმცა სარჩელი ახლა შევიდა სასამართლოში. „სარჩელი იმდენად გასაგები იყო მთელი მსოფლიოსთვის, რომ დამატებითი არგუმენტაცია არავის არ სჭირდება. ამან გამოიწვია საოცარი საზოგადოებრივი მხარდაჭერა. ამერიკელი ადვოკატების ინფორმაციით, წარმოუდგენელი მხარდაჭერა აქვს ქალბატონ ნონას აშშ-ის მედიასა და სოციალურ ქსელებში“, - აღნიშნა მწარიაშვილმა.

 

მაია მწარიაშვილის ინფორმაციით, მათ შესთავაზეს „Netflix“-ს, რომ ფილმში ნონა გაფრინდაშვილის ბიოგრაფიის გადმოცემისას დაშვებული შეცდომები გაესწორებინა და ბოდიში მოეხადა.

 

 „მოლაპარაკება მიდიოდა, თუმცა საბოლოოდ მოკლედ გეტყვით, რომ „Netflix“ აცხადებდა, რომ ეს იყო უწყინარი წინადადება. ამ პროცესში ჩაერთო იურისტი კლეარ როტი, რომელიც ახლა ტრამპის კომპანიის წინააღმდეგ არჩევნების საკითხზე დავას აწარმოებს. ამ დროისთვის აშშ-ის მხრიდან ნონა გაფრინდაშვილის უფლებებს ორი ადვოკატი იცავს. „Netflix“-თან მოლაპარკება ვერ შედგა და სარჩელი სასამართლოში შევიდა“, - განაცხადა მწარიაშვილმა.

 

ადვოკატის ინფორმაციით, უკვე ცნობილია მოსამართლის ვინაობა, ვინც ამ სამართლებრივ დავას განიხილავს.

 

„ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, რადგან როცა სარჩელი შედის სასამართლოში ეს არის ერთი ნაბიჯი მოგებისკენ“, - აღნიშნა მწარიაშვილმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner