თბილისის მოქმედი მერის და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველდღიურად ცდილობს ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას, თუმცა მართველი გუნდი მას ამის საშუალებას არ მისცემს.
დედაქალაქის მერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შარლ-მიშელის დოკუმენტის ანულირების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ დოკუმენტის წინააღმდეგ ბინძურ პიარკამპანიას აწარმოებდა.
„შარლ-მიშელის დოკუმენტს რაც შეეხება, სამწუხაროა, რომ მოგვიწია ამ შეთანხმების ანულირება. ამას აქვს თავისი ახსნა. თქვენ იცით, რომ პირველი პარტია, რომელმაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა, „ქართული ოცნება“ გახლდათ. აქ წარმოდგენილი ბევრი პოლიტიკური პარტიაც ეთანხმებოდა დოკუმენტს, ხელიც მოაწერეს, თუმცა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელსაც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს, ხელი არ მოაწერა. გულდასაწყვეტია, როდესაც ამ პარტიის ლიდერი გაიქცა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი დესტრუქცია მათი პარტიის ხელწერაა. ისინი ყოველდღიურად ცდილობენ ქვეყანაში დაძაბულობის შემოტანას, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. ნამდვილად არ მესიამოვნებოდა ის, რომ როცა ნიკა მელია არჩევნებს წააგებს, გაიქცეს. პირიქით, ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლარიზება და ყველა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანს უნდა ეცხოვრებოდეს ამ ქვეყანაში, ყოველგვარი პრობლემის გარეშე. ეს ქვეყანა, ეს ქალაქი ყველასია და ყველამ ერთობლივად უნდა შევძლოთ მისი განვითარება.
გახსოვთ, რა ბინძური პიარკამპანია მიმდიანარეობდა ამ პარტიის მხრიდან. ეს დოკუმენტი ვერ ჩაითვლებოდა შეთანხმებულად. ცალმხრივი არაფერი ვარგა. შესაბამისად, ეს დოკუმენტი ანულირებულია და საპარლამეტნო არჩევნები ჩატარდება კონსტიტუციით გაწერილ ვადებში, 2024 წელს,“ – განაცხადა კახა კალაძემ.