საქართველოს პირველი არხის ეთერში მერობის 16 კანდიდატს შორის დებატებისას „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ კანდიდატ კახა კალაძეს კითხვებით მიმართა.
გახარიამ კალაძეს ჰკითხა, თუ დაუჯდება პირისპირ დეტალებში:
„კახას მინდა ვკითხო, მე თუ დამიჯდება დებატებში პირისპირ, თუ მეც უნდა გავიზარდო პოლიტიკურად“, - რაზეც კახა კალაძემ აღნიშნა:
„პოლიტიკურად რა თქმა უნდა, კვალიფიციური პოლიტიკური პარტია უნდა გახდე და ამის შემდეგ გექნებათ შესაძლებლობა. ამ არჩევნებში გექნებათ საშუალება, ნახოთ, რამხელა მხარდაჭერა გაქვთ საზოგადოების მხრიდან, რამხელა მხარდაჭერა გაქვთ პირადად თბილისელების მხრიდან. ერთი დღით ხომ არ ვართ პოლიტიკაში ხვალ, ზეგ გვექნება შესაძლებლობა“.
დებატებისას გიორგი გახარიამ კახა კალაძეს კიდევ ერთი კითხვით მიმართა, გიორგი გახარია დაინტერესდა, იზიარებს თუ არა კახა კალაძე მისი თანაგუნდელების ბრალდებებს.
„დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ, შენი თანაგუნდელებისა და ჩემი ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებები – ნარკომანობა, მოღალატეობა და სააკაშვილთან კავშირები, კონკრეტულად შენ, კახა კალაძე იზიარებ თუ არა“, – მიმართა გახარიამ კალაძეს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, გიორგი გახარიასთვის ნარკომანობა არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია.
„ნარკომანობასთან დაკავშირებით მე მგონი არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს ის, რომ გიორგი გახარია ნარკომანია. რაც შეეხება, გიორგი შენს საქციელს, მე ეს პირდაპირ ეთერშიც ვთქვი, შენც გითხარი და არ დავმალავ, მე არ მომეწონა ის შენი გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე. მე არ შევალ შინაარსში და არ მინდა ამაზე ვისაუბრო, ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო თავშეკავებული, როდესაც კითხვა ისმევა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით. მე პირველ რიგში ვარ კაცი და მერე ვარ პოლიტიკოსი შესაბამისად, ადამიანებთან ურთიერთობას მე გარკვეულ როლს და უპირატესობას ვანიჭებ, ამიტომ არ მინდა ამ დისკუსიაში შემოსვლა, თბილისმა და თბილისელებმა გადაწყვიტონ ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.