„თუ უკანონო მიყურადების კონკრეტული ფაქტები დადასტურდება, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება“, - ამის შესახებ კახა კუჭავამ გადაცემაში „არჩევნები 2021“ გავრცელებულ სავარაუდო ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს კანონიერი მიყურადების უფლება და იმ შემთხვევაში, თუ ვიღაცამ კანონიერი მიყურადების შედეგად მიღებული ინფორმაცია გაასაჯაროვა, გამოძიება ამ შემთხვევაშიც არის საჭირო.
„ბევრი კითხვა არსებობს. ფაქტი ერთია - ეს ის საკითხია, რომლის ასე დატოვება, ჩემი აზრით, შეუძლებელია, თუნდაც ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს. პასუხები თუ არ გაეცა კითხვებს, რომლებიც საზოგადოებისთვის დარჩება ღიად, რა თქმა უნდა, პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც დეპუტატთა გარკვეულ რაოდენობას შეუძლია მოითხოვოს არა მხოლოდ რიგგარეშე სხდომა, არამედ ბევრი სხვა ქმედება ჩაატარონ, რომლითაც შეეცდებიან დაადგინონ სიმართლე“, - განაცხადა კუჭავამ.