ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებაზე მისი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„მწუხარების გაზიარებასავით გამოვიდა, რომ ჩემზეც არის ასეთი ზეწოლაო - ერთი თვის წინ ფაქტი მოხდა, მის ოჯახთან დაახლოებული პიროვნება თურმე გაჩხრიკეს. ვფიქრობ, ეს პრეზიდენტის თანამდებობისთვის შეუფერებელი განცხადებაა", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ვოლსკის თქმით, პრეზიდენტს და ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ჯერ კიდევ განცხადებების გაკეთებამდე ევალებოდათ, რომ მიემართათ პროკურატურისთვის.
„პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ადრე თურმე მიმართა და ვერანაირი შედეგი ვერ მიიღო. როგორც ირკვევა, არანაირი მიმართვები პაპუაშვილს არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, სულ მცირე, ვფიქრობ, პოლიტიკურად ანგაჟირებულია პაპუაშვილის განცხადებები. ასევე, ვფიქრობ, პრეზიდენტს დაუფიქრებლად მოუვიდა ამ განცხადების გაკეთება", - განაცხადა ვოლსკიმ.