logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: საქართველოა გადასარჩენი!“
- +

22 სექტემბერი. 2021. 15:13

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„უშიშროების გენერალ-მაიორ ოთარ ხატიაშვილს (1991 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს სუკის უფროსის მოვალეობას ასრულებდა) ერთ-ერთმა ცნობილმა ადამიანმა თავი მოაბეზრა, - გინდა თუ არა, მაჩვენე, ვინ დააბეზღა მამაჩემიო. მოკლედ, საქმე იქამდე მივიდა, რომ უკვე საჯაროდ, წვეულებებზე, სუფრასთანაც კი ამაზე ელაპარაკებოდა. გენერალმა ხატიაშვილმა აბეზარ მთხოვნელს აჩვენა... მამამისის დაწერილი "დანოსები"!

 

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, როცა უშიშროების არქივების გახსნის და ლუსტრაციის საკითხი პერიოდულად მწვავდებოდა, მაშინდელი სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე არქივის გამოქვეყნების კატეგორიული წინააღმდეგი იყო. მიზეზად ასახელებდა იმ გარემოებას, რომ იგი გაეცნო ამ საქმეებს და იმდენად მასშტაბური და შემზარავი იყო მოსახლეობის და, განსაკუთრებით, მისი ინტელექტუალური ნაწილის აგენტურული საქმიანობა, რასაც უამრავი ადამიანის ტრაგედია მოჰყვა, რომ მათი გასაჯაროება ახალი ტრაგედიებს გამოიწვევდა: ხშირ შემთხვევაში აგენტის და მსხვერპლის ოჯახები მჭიდროდ იყვნენ დანათესავებულები და, მაგალითად, იყო ფაქტები, რომ მსხვერპლსა და აგენტს საერთო შვილიშვილები და შვილთაშვილები ჰყავდათ. რასაკვირველია, მათთვის ძალიან მტკივნეული იქნებოდა ამის გაგება. ამასთან, ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ სუკის მეხუთე სამმართველოს კონტინგენტი - სამეცნიერო, ტექნიკური და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები!

 

მეხუთე სამმართველოს იმიტომ ვახსენებ, რომ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში და, შესაბამისად, მის ყველა ფილიალში, მათ შორის, საქართველოს სუკშიც, სწორედ ეს სამმართველო მუშაობდა ინტელიგენციასთან და დისიდენტებთან.

 

ჰოდა, ეს ყველაფერი რატომ მოგიყევით:

 

საბჭოთა ჩეკისტები თავიანთ კონტიგენტს ძალიან უფრთხილდებოდნენ და ფაქტობრივად, არ არსებობს მათ მიერ აგენტების შესახებ დადასტურებული ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების პრეცენდენტი, რადგან მაშინ უშიშროების სისტემაში პროფესიონალები მუშაობდნენ, რომლებსაც საგანგებოდ არჩევდნენ და ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ფსიქოლოგიური მდგრადობაც იყო!

 

საბჭოთა კავშირის ნგრევამ უშიშროების სისტემაშიც სერიოზული ძვრები გამოიწვია და ამის დასტურია თუნდაც გრუს პოლკოვნიკ სკრიპალის საქმე. სკრიპალი 2006 წელს რუსეთში დააპატიმრეს შპიონაჟის ბრალდებით და 2010 წელს გადაცვალეს ამერიკაში იმავე წელს დაპატიმრებულ რუს ჯაშუშებზე. მოკლედ, ეს ის რუსი შპიონი სკრიპალია, ბრიტანეთში რომ მოწამლეს და ქართველმა ლიბერალებმა მოთქმით დაიტირეს... ცოცხლად!

 

ასეთი ისტორიები, - აგენტების სიების და სხვა ჯაშუშური მონაცემების მოწინააღმდეგე მხარისთვის გადაცემის ფაქტები არაერთხელ მომხდარა როგორც კაგებეს ოფიცრების, ისე აშშ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თუ გამოძიების ფედერალური ბიუროს იმ თანამშრომლების მიერ, რომლებიც საბჭოთა კავშირის და შემდგომ რუსეთის სასარგებლოდ მუშაობდნენ. აქ მხოლოდ ოლდრიჩ ეიმსს დავასახელებ, რომელიც აშშ-ის აგენტ ფრედ ვუდროფის საქართველოში მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებს.

 

ამ საკითხზე ვრცლად საუბარი ფეისბუქ-სტატუსის თემა არ არის. ინტერნეტი სავსეა კვალიფიციური პუბლიკაციებით და ვისაც აინტერესებს, შეუძლია, გაეცნოს.

 

მე სხვა რამის თქმა მინდა: დაპირისპირებული სპეცსამსახურები მოპოვებულ აგენტურულ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ, მას ოპერატიული დამუშავებისთვის იყენებენ. ხოლო საკუთარი აგენტ-ინფორმატორების კონფიდენციალურობის დაცვა საკუთარ წმინდათა წმინდა მოვალეობად მიაჩნიათ. არა იმიტომ, რომ ამ აგენტების მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა აქვთ, არამედ იმიტომ, რომ სპეცსამსახურები სწორედ ამ კონტინგეტზე დგას!

 

სხვათა შორის, ასეა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაშიც. მე მისაუბრია ამ სისტემის პროფესიონალებთან, მათ შორის, იმათთან, ვინც წლების განმავლობაში მუშაობდნენ სერიოზული კრიმინალური დაჯგუფებების გაუვნებელყოფაზე და მათგანაც მსმენია, რომ ოპერატიული თანამშრომლის კავშირების შესახებ მისმა ხელმძღვანელმაც კი არ იცის. და არც უნდა იცოდეს, რადგან ინფორმატორი ყველას არ ენდობა და საკუთარ უსაფრთხოებაზე განსაკუთრებით ზრუნავს.

 

ისევ გამიგრძელდა.

 

ერთსაც ვიტყვი და მოვრჩები.

 

2011 წელს, როცა სააკაშვილის ხელისუფლებამ აბსოლუტურად უდანაშაულო ფოტოგრაფები დააპატიმრა, სატელევიზიო გადაცემაში ვთქვი: დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ფოტოგრაფები და ამ მდგომარეობიდან გონივრული გამოსავალი მოძებნეთ, რადგან ცხადია, რომ ფოტოგრაფებს არაფერი დაუშავებიათ და სპეცსამსახურმა პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა, რაც პროფესიულ რეპუტაციაზე მძიმედ აისახება, - პარტნიორ სპეცსამსახურებთან ავტორიტეტს დაკარგავთ, ხოლო მტრული სპეცსამსახურები მწარედ დაგცინებენ მეთქი.

 

მგონი, ყველაფერი გასაგებად ვთქვი.

 

დასასრულ კი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც აქამდეც არაერთხელ მითქვამს:

 

საქართველოა გადასარჩენი!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner