„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED) 26 ივლისს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სხვა დარღვევებთან ერთად საუბარია იმაზე, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აგიტაციის წესების დარღვევით მონაწილეობდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიაში.
კერძოდ, ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ 14 ივლისს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ამომრჩეველს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა. ახალციხის ტელეკომპანია მე-9 არხის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამომრჩევლებს მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის ვიდეოგზავნილიც შეხვედრაზე მყოფმა მოსახლეობამ ტელეეკრანის საშუალებით იხილა.
მანამდე კი, 11 ივლისს მარნეულში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარმა კანდიდატმა ახმედ იმამყულიევმა საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიება გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ გიგი წერეთელი, გიგა ბოკერია, პარტიის სხვა წევრები და ამომრჩევლები. შეკრებილებს სკაიპით ჩაერთო მიხეილ სააკაშვილი და მათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ" ქვეპუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალებათ", - აცხადებენ ISFED -ში.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამჟამად არის ოდესის გუბერნატორი და შესაბამისად, უკრაინის მოქალაქე.