logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: „ალმას“ თემა უტრირებულია, ეს არის კლასიკური ბულინგის მოდელი ქართული ბიზნესის მიმართ
- +

23 სექტემბერი. 2021. 14:27

 

 

„სარეკლამო კომპანია „ალმას“ თემა უტრირებულია, ეს არის კლასიკური ბულინგის მოდელი, რომელიც მიმართულია როგორც სოსო ფხაკაძის, ასევე, ზოგადად, ქართული ბიზნესის მიმართ“, – ამის შესახებ ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

ცუცქირიძე სარეკლამო კომპანია „ალმას“ ბილბორდების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობა“ იმ პოლიტიკას აგრძელებს, რასაც „ბიზნესის რეკეტი” ჰქვია.

 

„ერთი ამბავია ატეხილი „ალმას“ ბილბორდებთან დაკავშირებით. პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ესეც არის უტრირებული და ზედმეტად გაბუქებული. გარკვეული პოლიტიკური პარტიების მხრიდან წმინდა პოლიტიკური დატვირთვა აქვს მიღებული, ოპოზიციას და „ნაციონალურ მოძრობას“ ვგულისხმობ.

 

ზოგადად, „ალმა“ ამ შემთხვევაში გამქირავებელია. ის უბრალოდ ფართს აქირავებს როგორც ბილბორდებს, ასევე, მონიტორებს. რაც მთავარია, 50-მდე ასეთი ბილბორდია გაქირავებული, სხვათა შორის, უსასყიდლოდ სახელმწიფოსთან, რომლითაც ვაქცინაციის რეკლამირება ხდება. 3 თუ 4 ბილბორდზეა ლაპარაკი, რომლებზეც ამ ე.წ. ფოტოკოლაჟის გადაკვრა მოხდა. ხელშეკრულება, რომელიც მათ ჯანდაცვის სამინისტროსთან ვაქცინაციის რეკლამირებაზე ჰქონდათ დადებული, ფაქტობრივად, ამოწურული იყო. მათ ეს თავად გააგრძელეს.

 

„ალმა“ აქ არაფერ შუაშია.

 

თემა რა არის: დარტყმები „ალმას“ მეპატრონეზე წავიდა. შემდეგ ეს „ბიზნესასოციაციის“ პრეზიდენტზე, სოსო ფხაკაძეზე გადავიდა. წავიდა წმინდა ბულინგი. ეს პრინციპულად მიუღებელია. როგორც ჩანს, „ნაციონალებს“ ზნე და ჩვეულება არ შეუცვლიათ, ეს ბიზნესტერორის ერთ-ერთი ფორმაა, იგივე დაბულინგების თვალსაზრისით.

 

როგორც ვთქვი, „ალმა“ გამქირავებელია. მან შეიძლება, თქვენც მოგაქირაოთ რაიმე, უბრალოდ, მთავარია, კანონი არ იყოს დარღვეული, ისეთი რამე არ იყოს, რაც ანტიკონსტიტუციური იქნება. რა იყო იქ ანტიკონსტიტუციური? ნაჩვენებია წინა რეჟიმის სახეები, რომლებსაც სხვადასხვა მუხლით ბრალი ედებათ არაადამიანურ მოპყრობებში. იქ რომ სისხლის გამოჩნდა, ლაქის სახით, ეს სიმბოლიზმის მატარებელია. იქ არაფერი არაკონსტიტუციური და უკანონო არაა.

 

რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ სოსო ფხაკაძის მიმართ ახლა აკეთებს, არის ზუსტად იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც თავის დროზე აკეთებდნენ და ესაა ბიზნესის რეკეტი, ბიზნესის გადაფორმებები, მაშინ დაბულინგება კი არ ხდებოდა, ადამიანებისთვის პირდაპირ ბიზნესების წართმევა ხდებოდა. ეს იყო მათი ხელწერა. სოსო ფხაკაძე არის ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი. მის უკან დგას საქართველოში არსებული ყველა მსხვილი წარმატებული ბიზნესი. ეს, ფაქტობრივად, ბიზნესზე შეტევაა, ეს არ არის მხოლოდ ფხაკაძეზე შეტევა. მერე რა, რომ „ალმა“ მისი მეუღლის კომპანიაა? ის გამქირავებელია.

 

სარეკლამო კომპანია „ალმას“ თემა უტრირებულია, ეს არის კლასიკური ბულინგის მოდელი, რომელიც მიმართულია როგორც სოსო ფხაკაძის, ასევე, ზოგადად, ქართული ბიზნესის მიმართ“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

 

ცნობისთვის, სარეკლამო კომპანია „ალმას“ ბილბორდებზე ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერები გამოფინეს. „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“ – წერია ბილბორდებზე, რომელსაც ფონად „სისხლის ლაქები“ აქვს. ბილბორდებზე გამოსახულები არიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები: ნიკა მელია, გიგა ბოკერია, გუბაზ სანიკიძე, ზურაბ ჯაფარიძე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ტელეკომპანია „მთავარი არხია“ დირექტორი ნიკა გვარამია და „TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.

 

აღნიშნულ ბილბორდებს ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

 

კომპანია „ალმამ“ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

 

„ბოლო ორი დღის მანძილზე ჩვენი კომპანიის კუთვნილ სარეკლამო კონსტრუქციებზე განთავსებულმა კონკრეტულმა სარეკლამო ბანერებმა, ჩვენდა სამწუხაროდ, გააჩინა გარკვეული კითხვები ჩვენი კომპანიის მიმართ. საკითხში სრული სიცხადის შეტანის მიზნით, ვაცხადებთ შემდეგს:

 

კომპანია „ალმა“ ორ ათეულ წელზე მეტია, დამკვეთებისგან, რომელთაც სურვილი აქვთ, აწარმოონ სხვადასხვა შინაარსის სარეკლამო კამპანია, იღებს და ათავსებს სარეკლამო ბანერებს კომპანიის კუთვნილ სარეკლამო კონსტრუქციებზე. ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, და ეს იცის ჩვენმა ყველა დამკვეთმა, რომ “ალმას” არანაირი შეხება არ აქვს სარეკლამო ბანერის შინაარსთან, დიზაინთან, ვიზუალურ ელემენტებთან, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრასთან თუ სხვა. „ალმა” ახდენს მხოლოდ და მხოლოდ სარეკლამო ბილბორდებზე, ანუ კონსტრუქციებზე არსებული ფართის გაყიდვას/გაქირავებას.

 

ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ჩვენი კომპანიის როლი შემოიფარგლა მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ „ალმამ“ დამკვეთისგან მიიღო სარეკლამო ბანერი და განათავსა იგი კომპანიის კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე.

 

ამას გარდა, ვაცხადებთ, რომ ჩვენ სრულიად ვემიჯნებით ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას თუ ქმედებებს, რომელიც გამოიწვევს სიძულვილს, აგრესიას და ჩვენი ქვეყნის საზოგადოების შემდგომ პოლარიზაციას. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაღიარებთ ნებისმიერი სუბიექტის გამოხატვის თავისუფლებას და მისი უზრუნველყოფის საჭიროებას, ჩვენთვის ცალსახად მიუღებელია ხსენებული სარეკლამო ბანერების კონტენტი“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner