ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია.
„ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ჰყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს ბიზნესი ქვეყანას სჭირდება. იმიტომ, რომ ხალხი დასაქმებული იყოს, ბიუჯეტში შემოსავლები იყოს და სახელმწიფო ვითარდებოდეს. იმავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ბიზნესმენიც ადამიანია. მასაც აქვს პოლიტიკური გემოვნება, მაგრამ ბიზნესისთვის დამახასიათებელია ასეთი რამ… ბიზნესს ხმაური არ უყვარს. ეს ტენდენცია მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი არ არის. ამ დროს, ჩვენ დავინახეთ, რომ გამოიკრა ბანერები, რომელსაც ძალიან ცუდი რეაქცია მოჰყვა.
წარმოვიდგინოთ, რომ ის ბანერი ვიღაცას არ მოეწონა, მაგრამ იმავდროულად არის საზოგადოების ის ნაწილი, ვისაც ძალიან მოეწონა. იმიტომ, რომ ბევრს არ დავიწყებია, რა იყო და როგორ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში. ამიტომ, გემოვნებაზე არ კამათობენ. იმავდროულად, იმის დადანაშაულება, რომ რამაც გაიჟღერა მედიაში და დაიწერა ზოგიერთი პოლიტიკური მოღვაწის თუ მედიასაშუალების მხრიდან, რომ ახლა „ვისოლის“ საწვავი არ ჩავასხათ, პროდუქტები არ შევიძინოთ, ეს ბიზნესზე ტერორია. ეს სწორედ იმ პოლიტიკური ძალიდან მოდის, რომელიც „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენდა თავის დროზე და ახლაც ღიად თუ არა, ირიბად მაინც ასოცირებულია“, – ამბობს ვლადიმერ პაპავა.
მისივე თქმით, მთავარი ის არის, რამდენად კანონიერად და სწორად მოხდა ამ ბანერების განთავსება.
„წარმოიდგინეთ, ესენი ხელისუფლებაში არ არიან და ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, ბიზნესზე რა ტერორი იქნება. ეგრევე შეუვარდებიან იმ ფირმებს და საწარმოებს. ამიტომ, აქ მთავარია, რამდენად კანონიერად და სწორად მოხდა ამ ბანერების განთავსება. თორემ სიძულვილის ენა სამწუხაროდ, საქართველოში დამკვიდრებულია პოლიტიკურ სივრცეში. თუ ამას ვიხილავთ ბანერზე ეს სულაც არ არის გასაკვირი. მაგალითად, ის ადამიანები, რომლებიც უკიდურესად უარყოფითად ვართ განწყობილები „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, რადგანაც მათი ბოროტება გვახსოვს და საკუთარ თავზეც გვაქვს გადატანილი, ეს სიძულვილის ენა არ არის. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. რაშიც ჩვენ ვცხოვრობდით, ანუ სიმართლის ამსახველი. დანარჩენი, როგორი კომპოზიცია შედგა და ვინ არის წარმოდგენილი ეს გემოვნების ამბავია. გემოვნებაზე კი, როგორც წესი არ კამათობენ. ამიტომ, მთავარია, რომ რამდენად სამართლებრივად გაკეთდა ყველაფერი. ამისთვის არსებობს ზემდგომი ინსტანციები. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, მიმართოს და გაარკვიოს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რაიმე სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. თორემ, რომ ყოფილიყო, უკვე სასამართლოშიც იქნებოდა სარჩელი შეტანილი.
მე იურისტი არ გახლავართ. უბრალოდ, ვეცნობი ინფორმაციებს. ამ შემთხვევაში ჩემთვის, უფრო მორალური მხარეა ბიზნესის დატერორება. ვინც ამას აკეთებს, იმასაც ვერ ხვდება, რომ ამით ბიზნესში დასაქმებული ამომრჩევლის ხმასაც კარგავენ. ის ადამიანი ვინც „ვისოლის“ დიდ ჰოლდინგში მუშაობს, ყველას ემუქრება. „საწვავი არ ჩაასხა“, „პროდუქტი არ იყიდო“, „კვების ობიექტში არ შეხვიდე“, როგორ შეიძლება ეს. ახლა წარმოიდგინეთ ასეთი რაღაც – დღეს ხელისუფლებასთან დაპირისპირებულია კახა ოქრიაშვილი. რომ გამოვიდეს ახლა ვიღაც და თქვას, „პსპ-ში“ წამლები არ იყიდოთ. ეს შეიძლება? ვიღაცას ეს პოლიტიკოსი მოსწონს, ვიღაცას - ის. ბიზნესი ბიზნესია. ამიტომ, თუ „ვისოლი“ გაყიდის კარგი ხარისხის საწვავს, ის მომხმარებელი მისგან მაინც იყიდის. მაგრამ ეს ზეწოლა ფსიქოლოგიური ტერორია. ეს შეიძლება სახელმწიფოს ტერორში გადაიზარდოს, თუ ეს ხალხი ხელისუფლებაში რაღაც ფორმით მოსვლას შეძლებს. ჩვენ ეს ყველაფერი გვახსოვს. საჭიროა პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით არ არის, რის გამოც სიძულვილის ენა გაბატონებულია. მოვა ის დროც, როდესაც ცივილიზებული სახით იქნება პოლიტიკოსებს შორის ურთიერთობა, მაგრამ ბიზნესს მოვექცეთ ფრთხილად. იმიტომ, რომ არჩევნები ჩაივლის, ცხოვრება მის შემდეგაც გრძელდება და ბიზნესი გვჭირდება. ბიზნესმენებს კი, ყველას თავისი გემოვნება აქვს“, – განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.