„რაც დღეს ვიხილეთ, მგონი არავის უკვირს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო ერთი ჯაჭვის შემადგენელი ნაწილი. ეს ჯაჭვი რამდენიმე დღის წინ დაიწყო და გრძელდება. მსგავსი პროვოკაციები რამდენიმე მუნიციპალიტეტში იყო“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი-LIVE“ ნიკა მელიასთან დაპირისპირებაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, მელიამ წინასწარ იცოდა, რომ იმ დროისთვის მე იქ ვიქნებოდი. გარდა ამისა, ძალიან საინტერესო რაღაცები იყო, რაც შენიშნეს, მათ შორის დაცვის წევრებმა. მაგალითად, მელიას მხრიდან მოწოლის დროს, ამას მოჰყვებოდა კონკრეტული ტელევიზიების წარმომადგენლები. ანუ, ეს მოწოლა იყო ერთობლივი და საბოლოო ჯამში, ისინი ქმნიდნენ ასეთ მოცემულობას და წინასწარ გაწერილი სცენარის ნიშნები იკვეთებოდა. თუმცა, ეს არ არის მთავარი: მთავარი ისაა, რომ ნიკანორ მელიას სახე ყველამ იცის, უბრალოდ მან ეს სახე კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. ყველამ იცის მისი ინტელექტის დონე. ეს არის აბსოლუტურად უინტელექტო ადამიანი, ჩვეულებრივი ხულიგანი და პროვოკატორი, რომელიც იპარება ყველა პროვოკაციიდან - ამის უამრავი მაგალითი გვახსოვს წარსულიდან. არ შეიძლება ამ ადამიანზე რაიმე ფორმით საუბარი ღირსების ჭრილში. ეს არის ღირსებიდან და კაცობიდან დაცლილი ადამიანი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.