logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: შესაძლოა, საქართველო კატასტროფის წინაშე დადგეს, თუ ვაქცინაციის ის ტენდენცია გაგრძელდა, რომელიც ახლაა
- +

24 სექტემბერი. 2021. 02:13

 

„მედიისა და საზოგადოების მთელი ყურადღება მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ შესაძლოა, საქართველო კატასტროფის წინაშე დადგეს, თუ ვაქცინაციის ის ტენდენცია გაგრძელდა, რომელიც ახლაა“, – განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

 

„ერთხანს, ვაქცინაცია 25 000-30 000 მდე გაიზარდა, მაგრამ არასაკმაოდ, რადგან უნდა ყოფილიყო 40 000-50 000 და როდესაც ყველას იმედი გვქონდა, რომ 40-50 000-ს მივაღწევდით, ვაქცინაცია შემცირდა. ეს არის კატასტროფულად დაბალი რიცხვი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას უკავშირებს ვაქცინაციის ტემპის ასე მკვეთრად შემცირებას, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ აქ რამდენიმე ფაქტორი მუშაობს.

 

„ერთი ის, რომ საქართველოში მოსახლეობა ზოგადად არის ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი. ეს არა მარტო კოვიდის დროს ვლინდება, არამედ იგივე გრიპის, წითელას და სხვა ვაქცინაციის დროს. შემდეგ, ვუკავშირებ იმას, რომ ზოგიერთმა ექსპერტმა და ექიმმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, არასწორი განცხადებები გააკეთა. მათ გააკეთეს განცხადებები, რითაც მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ვაქცინაციისკენ ისედაც არ იყო ძალიან განწყობილი, ხელჩასაჭიდი მისცეს, რომ აი, თურმე, ვაქცინაცია არ ყოფილა აუცილებელი. ბევრმა, ვისაც, რა თქმა უნდა, უნდოდა, რომ ასეთი დასკვნა გაეკეთებინა, გააკეთა მცდარი დასკვნა და ეს არის ერთ-ერთი მთავარი, ძირითადი მიზეზი, თუ რატომ იკლო ვაქცინაციამ. მესამე მიზეზი არის ის, რომ სამწუხაროდ, პოლარიზაცია, რომელიც არის ქვეყანაში და არის პოლიტიკურ სივრცეში, გინდა-არგინდა, ვრცელდება ყველაფერზე, ყველა ყოფით საკითხზე. ეს ვაქცინაციაც პოლარიზაციის ერთ-ერთი სეგმენტი გახდა. ანუ, ვიღაც ვიღაცას უჩვენებს – შენ მე მეუბნები, რომ ავიცრა და მე არ ავიცრები, ეს ჩემი უფლებაა, ჩემი თავისუფლება, ჩემი ჯანმრთელობა და სიცოცხლე მე მეკუთვნის და არ მინდა და არ ავიცრები. აი, ეს განწყობაა, რაც დამღუპველია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner