„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ იმ მოსამართლეებმა, რომლებზეც სავარაუდოდ, ზეწოლა განხორციელდა, გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლონ.
სხვა შემთხვევაში, გიგაური გამოძიების გაგრძელების და ლოგიკურ შედეგამდე მისვლის გზას ვერ ხედავს.
„მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანებმა, რომლებზეც, სავარაუდოდ, ზეწოლა განხორციელდა, გამოძიებასთან ითანამშრომლონ. სხვა შემთხვევაში, ცხადია, ძალიან რთული იქნება საგამოძებო ორგანოებისთვის, რომ ეს გამოძიება წარმართონ და ყველა იმ კითხვას, რომელიც არსებობს, პასუხი გასცეს. მესმის, რომ ერთი მხრივ, შეიძლება, ძალიან დაბალი ნდობა იყოს პროკურატურასთან მიმართებაში, თუმცა, ეს არის ის გზა, რა სამართლებრივი გზაც უნდა გაიაროს იმ პირმა, რომელზეც მოხდა სავარაუდოდ ზეწოლა", - განაცხადა ეკა გიგაურმა.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა ხელისუფლების სასარგებლოდ გადაწყვეტილების მისაღებად, მოსამართლეების მიზანმიმართულ ზეწოლასა და დაშანტაჟებაზე განცხადება გააკეთა. პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ მუქარა ეხება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მიმდინარე საქმეებს.