„პრივილეგირებული არასამთავრობო ორგანიზაციები რომ საკუთარ განცხადებებში არათანმიმდევრულები არიან, არახალია, ხშირ შემთხვევაში ისინი არათუ სხვის პოზიციებს, არამედ საკუთარ პოზიციებს და შეხედულებებს ემიჯნებიან და უპირისპირდებიან“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
ჩიხელიძე არასამთავრობო ორგანიზაციების ISFED-ის, GYLA-ს და TI-ს 2017 წლის 7 ივნისს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს:
„საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება კანონპროექტის მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიების მიერ წევრების დანიშვნა დამოკიდებული იქნება პარტიის მიერ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობაზე, ნაცვლად დღეს არსებული წესისა, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნა დამოკიდებულია პარტიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებაზე. არსებული წესისგან განსხვავებით, აღნიშნული ცვლილებებით პარტიას ერთზე მეტი წევრის დანიშვნის უფლება ექნება საარჩევნო ადმინისტრაციაში, რაც, თავის მხრივ, ვერ უზრუნველყოფს მრავალპარტიულ წარმომადგენლობას საარჩევნო კომისიებში“.
ახლა კი 2021 წლის განცხადება ვნახოთ:
„უარყოფითად ვაფასებთ შემდეგ ცვლილებებს. აგრეთვე, დროებით იმოქმედებს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც იმ შემთხვევაში თუ 9-ზე მეტმა პარტიამ გადალახა საპარლამენტო საარჩევნო ბარიერი საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნისას უპირატესობა მიენიჭება იმ პარტიას, რომელსაც მეტი სახელმწიფო დაფინანსება ეკუთვნის, განსხვავებით ზოგადი წესისა, როდესაც უპირატესობა ენიჭება იმ პარტიას, რომელმაც მეტი ხმა მიიღო არჩევნებზე. ეს დროებითი წესი ქმნის შესაძლებლობას, რომ ბლოკის შემადგენლობაში შესულმა ერთზე მეტმა პარტიამ მიიღოს კომისიის წევრის დანიშვნის უფლება, ხოლო არჩევნებში ინდივიდუალურად მონაწილე ბარიერგადალახული პარტია საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრის დანიშვნის უფლების გარეშე დარჩეს“.
პირველ შემთხვევაში პრივილეგირებული არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრთა დანიშვნის დაფინანსების მოცულობიდან, მეტი ხმის პრიორიტეტზე გადასვლას აპროტესტებდნენ. მათთვის მიუღებელი იყო, კომისიაში პარტიის მიერ მიღებული ხმების, პროპორციული წევრების ყოფნა, მეორე შემთხვევაში კი ისინი უკვე პარტიის მიერ მიღებული ხმებიდან დაფინანსების პრიორიტეტზე გადასვლას აპროტესტებენ. პოზიციის ცვლა გამიგია, მაგრამ ასეთი? თქვენ საერთოდ ვისთან ხართ? თქვენი ფუნქცია მხოლოდ დაწერილი ტექსტის წაკითხვაა? წაიკითხეთ გააანალიზეთ და თავს სასაცილო მდგომარეობა არ ჩაიგდებთ, რას ჰგავს თქვენი საქციელი, დღეს ერთს ამბობთ, ხვალ უკვე დღევანდელ ნათქვამს აპროტესტებთ და ასე დაუსრულებლად.
პირდაპირ ვთქვათ, რომ ISFED-ი, საერთაშორისო გამჭვირვალობა და სხვა პრივილეგირებული ორგანიზაციები ჩასაფრებული ადამიანის პოზიციიდან მოქმედებენ, მათთვის მთავარი არა ობიექტურობა, არამედ პროცესის დისკრედიტაცია, დემორალიზება წარმოადგენს. სწორედ ამიტომ იხლართებიან საკუთარ განცხადებაში, რადგან არა სიმართლის დაცვის პრინციპით, არამედ ოპოზიციის გულის მოგების მიზნით მუშაობენ“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.