logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: მე მქონდა და მაქვს ბიძინა ივანიშვილის ნდობა და პატივისცემა
- +

25 სექტემბერი. 2021. 00:14

 

 

ინტერნეტგამოცემა „ლიდერთან“ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია ინტერვიუში თავის გამოქვეყნებულ პოსტზე საუბრობს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხებოდა.

 

- მოგესალმებით, ქალბატონო ხათუნა. გასულ კვირას ფეისბუქ-პოსტი გამოაქვეყნეთ, სადაც ბიძინა ივანიშვილს სიფრთხილისკენ მოუწოდებდით. რა არის ის, რაც უნდა იცოდეს და რა არ იცის ბიძინა ივანიშვილმა?

 

- ეს პოსტი, რა თქმა უნდა, გარკვეულ ინფორმაციებზე და ანალიზზე დაყრდნობით დავწერე. მაინტერესებდა, რა რეაქცია მოჰყვებოდა ჩემს მიმართვას.

ვერავინ ვერასდროს ვერ მეტყვის, რომ 2011 წლიდან მოყოლებული, თუნდაც ერთი დღე ყოფილიყოს ისეთი, არ ვყოფილიყავი ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი. ყველა ჩემი სატელევიზიო თუ სხვა მედიასაშუალებებით გამოსვლებისას და ცხოვრების წესითაც, არაერთხელ დამიმიტკიცებია, რომ მქონდა და მაქვს ბიძინა ივანიშვილის ნდობა და პატივისცემა. მიუხედავად ბევრი ადამიანის დაჟინებული მტკიცებისა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის პოლიტიკოსი, ყოველთვის ვამბობდი, რომ ის არის შესანიშნავი პოლიტიკოსი, აქვს უნარი ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებების მიღების და, აქედან გამომდინარე, არასდროს მის გადაწყვეტილებებს არ გავმიჯნივარ.

ამ ვითარებაში, ცოტა უცნაური იყო ჩემთვის ის კომენტარები, რაც მოჰყვა ჩემს პოსტს. გამიკვირდა, რომ, რატომღაც, გაღიზიანდნენ იმ პოლიტიკოსის მხარდამჭერები, რომელსაც გამორჩეულად დიდ პატივს ვცემ და მხურვალედ ვგულშემატკივრობ. მას სულ ვაფრთხილებდი, რომ სჭირდებოდა პოლიტიკური, სუფთა პარტიული მხარდაჭერა, რომელიც დღესაც არ გააჩნია, რადგან პარტია მისი გუნდი არ არის...

ამას ვამბობდი და ვამბობ მე, ხათუნა ხოფერია, პოლიტიკოსი, რომელიც პოლიტიკაში მენეჯერობიდან არ მოსულა, არც მაღაზიის დახლიდან, ან ვენახიდან.

მე ვარ პარტიული კადრი, რომელმაც კარგად იცის, რით სუნთქავს პარტია, ნებისმიერი ბრიფინგი, გამოსვლა, კომენტარი, ბილბორდია თუ რაც არის, რას ემსახურება და რას ნიშნავს, ამის მიხედვით შემიძლია, ვიგრძნო და მივხვდე, რა ხდება რომელიმე პარტიის შიგნით. ამას მივუთითებდი ყოველთვის, გულშემატკივრის პოზიციიდან, ირაკლი ღარიბაშვილს.

 

- მოდით, დაწყებული საუბარი გავაგრძელოთ და ბიძინა ივანიშვილის წინაშე მდგარ საფრთხეებზე ვისაუბროთ…

 

- გეტყვით იმას, რაც ყველამ იცის. მაგალითად, შარლ მიშელის დოკუმენტში, როგორც ვიცით, ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო სასამართლო რეფორმის ჩატარება, რომლის შემდეგაც, პრაქტიკულად, უცხოელების მიერ მოხდებოდა სასამართლო სისტემის რეფორმირება და მისი, ანუ მესამე უმთავრესი სახელისუფლებო ბერკეტის მართვა.

სატელევიზიო გამოსვლაში ერთხელ კიდევაც ვთქვი, რომ ეს ჩემთვის ძალიან საგანგაშო სიგნალი იყო, რადგან, არ გამოვრიცხავ, ერთ-ერთი პირველი, ვის მიმართაც ეს „რეფორმირებული“ სასამართლო რეპრესიებს დაიწყებდა, იქნებოდა ბიძინა ივანიშვილი.

ამის გარკვეულ საფუძველს იძლევა არა მარტო ის, რა კულუარული ინფორმაციებიც არსებობს, არამედ სააკაშვილის და სხვადასხვა ოპოზიციური ლიდერების მხრიდან გამჟღავნებული მუქარები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

ფაქტი ის არის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პარტიის წევრებმა. მეტიც, ამ დოკუმენტის შემუშავებაშიც იღებდნენ მონაწილეობას და კელი დეგნანის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, სასამართლო რეფორმა, რის განხორციელებასაც აპირებდნენ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად, როგორი იქნებოდა, ყველა კარგად ხვდება.

მე ვსაუბრობ იმაზე, რაც გახმაურებულია, მაგრამ არსებობს კიდევ ძალიან ბევრი ინფორმაცია, რომლებიც კულუარებიდან გამოდის. მაგალითად, ინფორმაცია იმაზე, რატომ მოხდა მეგის ქარდავას საკითხის გააქტიურება, რამდენად რეალურია სააკაშვილის ჩამოსვლა, რატომ აპირებდა ჩამოსვლას და ა.შ.

არსებობს ინფორმაციები იმის შესახებაც, რომ საქართველოს პრეზიდენტი უპირისპირდება ხელისუფლებას და იკავებს პოზიციას, რომ ვადამდელი არჩევნებიც დაინიშნოს, შარლ მიშელის პოზიციასაც უნდა დავუბრუნდეთ, დაკნინდეს საპატრიარქოს და ეკლესიის როლი. შენიშვნებს აძლევს და უკმაყოფილოა სინოდის მუშაობით. ამას რომ აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი, აქ კითხვები არ უნდა გაჩნდეს?

 

- ამას, თქვენი აზრით, რატომ აკეთებს?

 

- რატომ და იმიტომ, რომ ეს არის მზადება, რათა არჩევნების მერე მოხდეს ერთი ნაბიჯის უკან გადადგმა და შარლ მიშელის დოკუმენტთან დაბრუნება, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ზემოთნახსენებ სასამართლო რეფორმებსაც ითვალისწინებს. ეს კი ნიშნავს კერძო საკუთრების კონტროლს სასამართლოს მხრიდან, არჩევნების კონტროლს, სტრატეგიული ობიექტების, თვით ბიძინა ივანიშვილის, მისი ქველმოქმედების კონტროლს და როცა პრეზიდენტი დეკლარირებას აკეთებს, რომ მას სურს, ეს განხორციელდეს ქვეყანაში, მიჩნდება შეკითხვა: მეგობარი და გულშემატკივარია ეს ადამიანი?!

კიდევ ვიმეორებ: ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის არ არის „ვიღაცა“. ის ქართულ პოლიტიკაში უნდა იყოს, როგორც, გარკვეული გარანტი იმ პოზიციების, რომლებიც მან მოიტანა და იმ სიკეთეების, თუ პოლიტიკური ბალანსის, რაც ჩამოყალიბდა 2012 წლიდან. ის პასუხისმგებელია ყველაფერ ამაზე.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც დაცული უნდა იყოს არაკეთილისმსურველების შეტევებისგან და მოღალატეებისგან. ის უნდა დაიცვას ქართველმა  ხალხმა და, პირველ რიგში, მისმა პარტიამ _ „ქართულმა ოცნებამ“.

 

- არჩევნები ახლოვდება და დაძაბულობას უნდა ველოდოთ?..

 

- იცით, ახლა ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს არჩევნები, ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი არის, რა მოჰყვება არჩევნების შედეგებს. ცნობს თუ არა მას საერთაშორისო საზოგადოება, სხვადასხვა ორგანიზაციები.

 

თქვენ ფიქრობთ, რომ ვინმე ამ შედეგებს ტაშს დაუკრავს და არ მოხდება სიტუაციის გამწვავება?

 

ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ აქ სიტუაცია დალაგებული აქვს და ეს ამბები არ იქნებოდა გარჩეული სააკაშვილთან სუფრაზე ევროკავშირის წევრების მხრიდან?! თუ მელიას და ჟორიკა რურუას განთავისუფლებით ერთხელ რომ შეგვაფურთხეს სახეში, ახლა მეგის ქარდავათი უნდათ რომ შეგვაფურთხონ?!

 

- ქალბატონო ხათუნა, ხომ არ შეიძლება „ქართულ ოცნებაში“ იყვნენ ისეთი გამონაკლისები, თანამდებობის პირებს ვგულისხმობ, რომლებიც ფარულად იქნებიან მოლაპარაკებული ძირითად ოპოზიციურ ძალებთან რაიმე სახის დათმობებზე?

 

- 2020 წელს ყველანი დავდექით ფაქტის წინაშე, რომ „ნაცმოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის იყო პოლიტიკური შეთანხმება. ეს შეთანხმება იყო ყველაფერზე, გადანაწილდა პროცენტებიც, მაგრამ ბოლოს მოხდა ისე, რომ ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, მაგრამ სააკაშვილი არ წავიდა. მან დაარღვია შეთანხმება. მათ შორის, შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებითაც. მიჩნდება ეჭვი, რომ ანალოგიური სიტუაცია არის ახლაც. როცა ყველაფერს აკეთებენ, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი ვინც იყო და განაწყენებულია, კიდევ მეტად გაანაწყენონ. ისევ იგივე წრეზე ხომ არ მივდივართ, სადაც ჟორიკა რურუაზე კი აღარ იქნება საუბარი, არამედ სააკაშვილის ჩამოსვლაზე, რომელიც, როგორც პოლიტიკური ლიდერი, ისე დაბრუნდება ქვეყანაში.

როგორც ჩანს, ვიღაცამ თავის თავს მისცა ამის უფლება.

მეგის ქარდავა, რომელიც ამდენი ხანია დაჭერილია, ახლა დაიწყო მის ექსტრადაციაზე ლაპარაკი და ერთ ხანს მთელი ევროპა დადგა ფეხზე, რომ ის არ ჩამოეყვანათ საქართველოში.

როგორც შეიძლებოდა ამ კაცის მკვლელის, კაცის გამაუპატიურებლის, კასტილიანის ძმაკაცის დაცვა დაეწყო ევროპას.

 

ვიღას გაუკვირდება ამის შემდეგ, რომ საქართველოს პრეზიდენტის და გაეროს მხრიდან სააკაშვილის დაცვაზე რომ დაიწყოს მოქმედებები?

 

- ბევრი რამ ხდება პოლიტიკაში. შეიძლება რაიმე გარანტიები არსებობს მოლაპარაკებების საფუძველზე. კიდევ ვამბობ: მოლაპარაკებები და გარანტიები იყო 2020 წელსაც, როცა სააკაშვილი უნდა წასულიყო პოლიტიკიდან, ჩამოსცილდებოდა ყველაფერს და უნდა დამდგარიყო სრულიად სხვა სცენარი, მაგრამ მივიღეთ საშინელი რამ, რაზეც მოუწიათ მერე მთლიანად უკან დახევა.

 

- ახლაც, ამ არჩევნებში, მიჯნასთან ვართ ჩვენ, როგორც სახელმწიფო?

- რაღაც სცენარები, ალბათ, არსებობს და ეს იქნება საპარლამენტო არჩევნები თუ ადგილობრივი არჩევნები, ამას არ აქვს იმ „სცენარებში“ მნიშვნელობა. მთავარი არის თანამეგობრობა; რას გააკეთებენ და როგორ ნაბიჯებს გადადგამენ და როგორც მე ვხედავ, ეს არ იქნება ჩემი ქვეყნისთვის სასიკეთო. ყოველ შემთხვევაში, ის ადამიანები, რომელთათვისაც აბსოლუტურად, ნებისმიერი ფორმით, მიუღებელია სააკაშვილის ან „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, ეს იქნება კოალიციური მთავრობა თუ სხვა რამ, ამას არ შეეგუებიან და ეს იქნება სამოქალაქო დაპირისპირების საბაბი, რაც არ უნდა დავუშვათ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner