„ის, რაც დღეს პრემიერის მიერ ითქვა, სამხრეთ კავკაციის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის სახით, საერთაშორისო თანამეგობრობიდან და დაინტერესებული ქვეყნებიდან კარგი განწყობა აქვს, იმიტომ, რომ მათ უკვე აქვთ იმის გამოცდილება, რომ რასაც საქართველო ამბობს, ამას აკეთებს“, - ამის შესახებ საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, კახა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ მსოფლიო თანამეგობრობას პრაქტიკული დახმარება გაუწია ამ საკითხებში.
„რამდენიმე ელჩმა დამირეკა იმ საღამოსვე. უფრო მეტი დეტალი აინტერესებდათ და გადაწყვეტილი გვაქვს, როგორც კი დასრულდება ვიზიტი და ცოტა მეტი დრო გვექნება, ჩემს კოლეგებთან სამუშაო გარემოში მექნება საუბრები, რათა უფრო კარგად განვუმარტო ეს ყველაფერი. ის, რაც პრემიერმა აღნიშნა, ეს არ იყო ცარიელ ნიადაგზე ნათქვამი სიტყვა. თქვენ მოგეხსენებათ იმ შუამავლობის შესახებ, რომელიც საქართველომ გასწია ჩვენს რეგიონში, მაშინ, როდესაც გადაცემული იქნა დანაღმული ველების რუკები, ხოლო მეორეს მხრივ, მოხდა დაკავებული პირების გათავისუფლება. ეს რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩენილა არც რეგიონში, არც რეგიონის გარეთ.
ის ფუნქცია, რომელიც საქართველოს ჰქონდა ავღანეთში, ის როლი, რომელიც საქართველომ შეასრულა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში, ესეც შეუმჩნეველი არ დარჩენია არავის და ძალიან ბევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი, ეს იქნებოდა მთავრობის მეთაური თუ საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებსაც ჰქონდათ შეხვედრები ჩვენ დელეგაციასთან, როგორც პრემიერთან, ისე ბატონ დავით ზალკალიანთან, ამას ხაზს უსვამდნენ და დიდი მადლიერებით იყვნენ განწყობილები, რომ საქართველომ მსოფლიო თანამეგობრობას პრაქტიკული დახმარება გაუწია ამ საკითხებში. ასე, რომ ის, რაც დღეს პრემიერის მიერ ითქვა, საერთაშორისო თანამეგობრობიდან და დაინტერესებული ქვეყნებიდან კარგი განწყობა აქვს, იმიტომ, რომ მათ უკვე აქვთ იმის გამოცდილება, რომ რასაც საქართველო ამბობს, ამას აკეთებს. 2014 წელს, როდესაც პრემიერმა ღარიბაშვილმა გააჟღერა აბრეშუმის გზის ფორუმის იდეა, რამდენი წელია გასული და ეს ფორუმი უკვე ყოველწლიურია და მოქმედებს. ანუ ეს ახალი ინიციატივაც ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ იქნება და იმედი მაქვს, განხორციელდება რეგიონის ქვეყნების და სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით“, - განაცხადა კახა იმნაძემ.