„პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი. მან აბსოლუტურად ყველაფერზე ისაუბრა და ისაუბრა არა მარტო საქართველოსთვის მტკივნეულ საკითხებზე, რაც სავსებით ბუნებრივია, მან, ასევე, ისაუბრა გაეროს პრობლემატიკაზე, იმ გლობალურ საკითხებზე, რომელზედაც უნდა იმუშაოს გენერალურმა ასამბლეამ, კერძოდ, გენერალური მდივნის ახალ მოხსენებაზე ჩვენი საერთო დღის წესრიგი, რომელსაც მაღალი შეფასება მისცა და მოუწოდა გენერალურ ასამბლეას, რომ უფრო გულდასმით შეისწავლონ ეს მოხსენება და შესაბამისად, წლის მანძილზე იმუშაონ“, - ამის შესახებ საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, კახა იმნაძემ, გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
კახა იმნაძემ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება.
„მე მექნება ჩემს კოლეგებთან საუბარი. ვიცი, რომ კიდევ რამდენიმე სახელმწიფოს მეთაურმა გაიზიარა იგივე აზრი და იმედი მაქვს, რომ ამ მხრივაც გვექნება აქ მუშაობა. ეს, რაც შეეხება თავად გაეროს. რაც შეეხება სხვა გზავნილებს, პრემიერმა ისაუბრა იმ გზაზე, რომელიც გაიარა საქართველომ, ის გზა, საიდან წამოვედით, სად ვართ, სად ვდგავართ, რა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები გვაქვს, კერძოდ, ევროკავშირში, ნატოში საქართველოს ინტეგრაცია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მომდინარეობდა და დაფუძნებული იყო იმ რეიტინგებზე, რომელიც საქართველოს აქვს და ეს ყველასთვის ცნობილია. ბუნებრივია, მან ძალიან მკაფიო გზავნილები გააჟღერა დეოკუპაციასთან დაკავშირებით, მოუწოდა კიდევ ერთხელ საერთაშორისო თანამეგობრობებს, რომ უფრო აქტიურად იყოს ჩართული ჩვენი რეგიონების დეოკუპაციის საქმეში, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ პრობლემებს, რა პრობლემებიც აქვთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებში ცხოვრობენ, კიდევ ერთხელ გააჟღერა შერიგებასთან და ქვეყნის რეინტეგრაციასთან დაკავშირებული ინიციატივა, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს და ბოლოს, მან, რა თქმა უნდა, ისაუბრა მის ახალ ინიციატივაზე, მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივაზე სამხრეთ კავკასიაში. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივა, რადგა, აქ უნდა იყოს ჩართული, პირველ რიგში, სამი კავკასიური სახელმწიფო და პარტნიორი სახელმწიფოები - ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები”, - აღნიშნა კახა იმნაძემ.