პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილთან პირველი შეხვედრა გაიხსენა. მან ამ თემაზე გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი „ქართუ“ ჯგუფში მუშაობისას, 2005 წელს გაიცნო. როგორც პრემიერმა აღნიშნა, იმ პერიოდში ქვეყანაში განხორციელებულ პროექტებს სწორედ ფონდი „ქართუ“ აფინანსებდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ფართოდ არ იყო ცნობილი.
„ძალიან მალე დავინიშნე „ქართუ“ ფონდის პრეზიდენტად, რომელიც ხარჯავდა 150-200 მილიონ დოლარს წელიწადში. შეგახსენებთ, 3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული ბატონ ბიძინას ჩვენს ქვეყანაში. მაშინ, რა თქმა უნდა, სხვა ენთუზიაზმი იყო „ქართუ“ ჯგუფში, იმიტომ, რომ თუ რამე კეთდებოდა ქვეყანაში სააკაშვილის მმართველობის პირველ წლებში - ჯარის რეფორმები, მშენებლობა ყაზარმების, შესყიდვები, სკოლების რემონტები, თეატრები, მუზეუმები - ვიცოდით, რომ ეს ყველაფერი ამ ფონდიდან ფინანსდებოდა. მათ შორის მინისტრების ხელფასები, საჯარო მოხელეების დანამატები - ყველაფერს იხდიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფონდი. თუმცა ეს არ ჩანდა, შეგნებულად. ეს იყო მისი [ივანიშვილის] გააზრებული გადაწყვეტილება: „პოლიტიკა არ მაინტერესებს, ჩამოვედი, ვცხოვრობ საქართველოში და ვეხმარები ქვეყანას“. აი ეს იყო მისი კრედო, მთავარი ამოცანა“, - იხსენებს პრემიერი.