„ჩვენი პოლიტიკური ძალა დღეს მართლაც უალტერნატივოა. ის ხელწერა, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დატოვა, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, ხალხის კეთილდღეობასა და მსახურებას უკავშირდება“, - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „ნოესთან“ სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ვგრძნობ სიტუაციას და ყველგან იმარჯვებს ჩვენი გუნდი. რატომ? იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ვართ განსაკუთრებულები, უშეცდომო და იდეალურები. არა! იდეალური არავინაა - არც ერთი ადამიანი და პარტია, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ძალა დღეს მართლაც უალტერნატივოა. ის ხელწერა, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დატოვა, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, ხალხის კეთილდღეობასა და მსახურებას უკავშირდება. ძალიან ბევრი საქმე უნდა ვაკეთოთ. კიდევ ბევრი გვაქვს დაგეგმილი. გვაქვს მაგარი იდეები და ხედვები. მაქვს ჩემი წარმოდგენები და ოცნებები, თუ როგორი ქვეყანა უნდა იყოს საქართველო და ძალიან მინდა გარდავქმნათ ქვეყანა. ის ბრილიანტი გამოვაჩინოთ. პირველ რიგში, ჩვენ ხალხს უნდა დავეხმაროთ, რადგან მთავარი ისევ არის - გაჭირვება, უმუშევრობა, სიღარიბე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.