უკვე გამოვიდა!
ეთეროს ორწიგნეული!
ორი ულამაზესი ტყუპისცალი ერთ ბუდეში!
ჩემი წინათქმითა და რედაქტორობით.
ამ წინათქმით:
***
მოსასმენად ვემზადოთ...
ეს ორწიგნეულია.
ერთი - ჩიტებზე;
მეორე - ყვავილებზე.
ვინ უნდა წერდეს მათზე, თუ არა ეთერო?!
დღევანდელ საქართველოში - ვაჟას, ანასა და ინანიშვილის სამშობლოში, მათი ენა ხომ ყველაზე უკეთ სწორედ ეთერ თათარაიძეს ესმის?!
ეთერო მათი ბუნებრივი გაგრძელებაა, ოღონდ, მთის ყვავილივით, არავის მსგავსი.
შემთხვევითი ხომ არ იყო, ანა კალანდაძეს რომ ჰკითხეს, თქვენს შემდეგ ვის ხედავთო და, - ეთერ თათარაიძესო რომ უპასუხა?!
***
რა გქვიანის, ყვავილო,
თებერვალში მნათეო,
არ მოშიშო სიცივის?
- ეკითხება ყვავილს, ხოლო ჩიტს ამას სთხოვს:
ჩიტო, შენაც გამომყევ,
თუშეთ ერთად ვნახოთ...
როგორ ფიქრობთ, არ გაჰყვება?!
***
ბორხესი სიამოვნებით იმოწმებს ოსკარ უაილდისეულ ვერსიას, რომლის თანახმადაც, ბერძნებმა ჰომეროსის სიბრმავე გამოიგონეს. ამით ხაზი გაუსვეს იმას, რომ პოეზია სმენით აღსაქმელი მუსიკაა და სულაც არ არის ხილული.
თუ ვინმე ქმნის დღევანდელ საქართველოში პოეზიას, როგორც მუსიკას, უპირველესად, ეთერ თათარაიძე.
აბა მოუსმინეთ:
ხან ჯანგაროს, ხან ბიშინის
ფერებს ირევს ცაი,
ხან სხამა’ის, ხან თეთრ დეკის
კაბას იცვლის მთაი...
ამიტომაც შეადარა მურმან ლებანიძემ ჩიტუნას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თენგიზ მირზაშვილიც თავის ჩიტებს ეთეროს ამსგავსებდა.
***
ზემოთ ჩამოთვლილ კლასიკოსთა შემდეგ, ქართულ ლიტერატურაში ბუნებას ასე არავინ დალაპარაკებია:
არ გაცდინოს ამ სითბომ,
არ გაცინოს, ტყემალო...
ან:
ჩიტო, ტოტზე ჩამოჯედ,
უნდ გეჭორა’ვ პატახან.
სხვა ლექსში ჩიტს ეუბნება, სევდები გავცვალოთო.
სევდა საკმაოდ უხვადაა ამ ორწიგნეულში, ოღონდ ისეთი, „მოგიზგიზე სიხარულის“(ანა) წინამორბედად რომ უნდა ვიგულისხმოთ.
დიდი პოეზიის გადამრჩენელი თვისებაც აქ იმალება.
***
ერთ ლექსში ვკითხულობთ:
ჩიტების მტკმარ ორკესტრის
მოსასმენად ვემზადებ...
ჰოდა, აღარ გავაგრძელებ.
დანარჩენი ჩიტებმა და ყვავილებმა გვითხრან...
იოსებ ჭუმბურიძე