პოეტი სიმონ ბალახაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„ამირან კალაძე. „სახალხო ფრონტის" ყრილობა ქუხდა ფილარმონიაში. წინა რიგში ადგილი დავიკავე. მერაბ კოსტავას ელოდა დარბაზი. გამოუცხადებია ეროვნულ გმირს - ცეკას კოოპერატივის ყრილობას არ დავესწრებიო. მიუხედავად ამისა, ხალხი ფეხზე იდგა, ჩემს გვერდით არავინ დაჯდა, ამირან კალაძის გარდა. პრეზიდიუმს ირჩევდნენ. ამირანმა ფურცელი მომცა, დაწერე, ამირჩიონო. დავწერე და ხელიც მოვაწერე, გთხოვთ, ამირან კალაძე შეიყვანოთ პრეზიდიუმში თქვა. შეიყვანეს.
გამოხდა ხანი და ამირან კალაძე მთავრობის სახლთან შემხვდა. უკვე პარლამენტარი იყო, „მრგვალი მაგიდიდან".
- მე პარლამენტში ვიომებ, შენ - ქუჩაშიო, - მითხრა და მხარზე დამკრა ხელი.
- კაი-მეთქი, შევთანხმდით.
მეუღლე ესტონელი ჰყავდა, საქართველო სამშობლოსავით უყვარდა. ახლახან ვნახე ამირანის წამების ფაქტები „იუთუბზე", მეუღლესთან ერთად. ცრემლები ვერ შევიკავე. სულო ცოდვილო, რა დააშავა ასეთი საქართველომ? რას ვერჩით სამშობლოს ქართველები? ეჰ!" - წერს სიმონ ბალახაძე.