„მსოფლიოს ერთ-ერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის - მსოფლიო ბანკის მიერ მსოფლიოს ქვეყნები ყოველწლიურად ფასდებიან ისეთი პარამეტრებით, როგორიცაა „კორუფციის კონტროლი“, „ხელისუფლების ეფექტურობა“, „კანონის უზენაესობა“ „რეგულაციების ხარისხი“ და ა.შ. ეს შეფასებები ეფუძნება ათეულობით მასშტაბურ კვლევას და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების კვალიფიციურ ექსპერტიზას და რეიტინგებს.
„გლობალური მმართველობის ინდიკატორებით“ საქართველომ ბოლო წლებში წინ წაიწია და ამჟამად 45-ე ადგილზე იმყოფება მსოფლიოს 189 ქვეყანათა შორის (2012 წ. – 62-ე ადგილი). ამასთან, ზემოხსენებული პარამეტრების მიხედვით საქართველომ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა პოზიცია ყველა მიმართულებით. განსაკუთრებით თვალსაჩინოა წინსვლა „საჯარო მოხელეთა და თანამდებობის პირების კორუფციისგან თავისუფლების“ კომპონენტში, სადაც იგი უკვე 12 ადგილზეა“, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ.
ექსპერტი გამოეხმაურა მსოფლიო ბანკის კვლევას, რომელშიც მაღალ დონეზეა შეფასებული საქართველოს მაჩვენებლები კვლევის შემადგენელი ინდიკატორებით. იოსებ არჩვაძის ინფორმაციით, საქართველოს მიხედვით კორუფციისაგან თავისუფლების ინდექსი 75%-ია, რაც 2002 წ. მაჩვენებელს 69.4 პუნქტით, ხოლო 2012 წ. მაჩვენებელს - 6.3 პუნქტით აღემატება (2002 წ. – 5.6%, 2012 წ. – 68.7%, 2020 წ. - 74.0%).
აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო 1.5-ჯერ უსწრებს ესპანეთის, იტალიის, პორტუგალიის, პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, მალტის, ისრაელის, კვიპროსის, სამხრეთ კორეისა და 2-ჯერ - ბულგარეთის, რუმინეთის, საბერძნეთის და თურქეთის შესაბამის მაჩვენებლებს. ამასთან, საქართველო პოზიციით გაუთანაბრდა მსოფლიოს ისეთ წამყვან სახელმწიფოებს, როგორიცაა, აშშ, იაპონია, საფრანგეთი, ირლანდია, ავსტრია, ბელგია, ისლანდია, სლოვენია, ხორვატია და ა.შ.
„მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს პრაქტიკით, როგორც წესი, კორუფციის დონე უარყოფით კორელაციაშია ეკონომიკური განვითარების დონესთან, საქართველოს პრეცედენტი მოწმობს როგორც ხელისუფლების მმართველობის ეფექტიანობაზე და სისტემური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაჩინო შედეგებზე, ისე ქვეყნის მოსახლეობის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და საგადასახადო კულტურის მუდმივად მზარდ დონეზე“, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.