logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: დიდება და არდავიწყება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებს შეწირული გმირების სახელებს!
- +

27 სექტემბერი. 2021. 17:50

 

 

„აწ იქ თუ შეგძრავს ვით შუქს გენია,

ექო „ლაშქრულის“ და „ლილეოსი“,

იქ უნდა მოკვდე, სადაც კვდებიან

თავისუფალი საქართველოსთვის!“

 

1993 წლის 27 სექტემბერი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი დღეა - სოხუმის დაცემის და აფხაზეთის დროებით დაკარგვის თარიღი.

 

აფხაზეთში მცხოვრებმა თუ „სტუმრად“ ჩასულმა სეპარატისტებმა ისარგებლეს იმ დროს თბილისში შექმნილი ქაოსით, ქართველებს შორის გაუტანლობითა და დაპირისპირებით (რაც, სამწუხაროდ, დღესაც სახეზეა) და... მოხდა ის, რაც მოხდა...

 

ჟიული შარტავას, გურამ გაბისკირიას, მამია ალასანიას, გენო ადამიას და სხვა ქართველი ვაჟკაცების სახალხოდ დახვრეტა გახდა საქართველოს „დამარცხების“, მაგრამ ვერდაჩოქებისა და ვერდამონების სიმბოლური აქტი.

 

მორის ფოცხიშვილის ეს ლექსი იმიტომ გავიხსენე, რომ გეგონება, პოეტმა იგი  საქართველოს ეროვნულ გმირზე, ჟიული შარტავაზე დაწერა, რომელიც  მოკვდა იქ, სადაც საქართველოს თავისუფლება, მომავალი, ერთიანობა და მთლიანობა წყდებოდა, წუთით არ მოუხრია ქედი, წუთით არ შემდრკალა... არ ვიცი,  რამდენად სწამდათ ღმერთი მას და მის თანამებრძოლებს, მაგრამ როდესაც მათი სიცოცხლის ბოლო კადრებს შეხედავ და მათ საქციელს დააკვირდები, დაიჯერებ, რომ სწორედ იმ უმძიმეს და სიცოცხლესთან გამომშვიდობების ბოლო წამებში, მათ ზევიდან ჩაესმოდათ უფლის სიტყვები, რომელიც თავისი ბიბლიური შეგონებით ამხნევებდა გმირებს: „გახსოვდეთ, რომ ღვთისგან გაქვთ მიღებული ეს წუთისოფელი და ღვთისთვის უნდა დათმოთ სიცოცხლე“.

 

ჩვენ ხომ ვიცით, რომ ყველა დროისა და ეპოქის ქართველი გმირებისთვის საქართველო იყო ღმერთი, ხოლო საქართველოსთვის ბრძოლა სწორედ უფლისთვის თავშეწირვასთან ასოცირდებოდა... ნუ დაგვავიწყდება ეს... თუ არ გჯერათ, თავად ჟიულის სიტყვებს გაგახსენებთ, „ბოლომდე ვიბრძოლებთ და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ესაა დიდი ტრაგედია“.

 

ერთხელ დავწერე და დღესაც გავიმეორებ, არ ვიცი, სამშობლოს ზუსტად რაოდენ და როგორ სიყვარულს გულისხმობს სიტყვა პატრიოტიზმი, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ჟიული შარტავა თავისი ქვეყნის უდიდესი პატრიოტი იყო, რადგან მისი და მისი თანამებრძოლების მიერ სოხუმში გადადგმულ ნაბიჯებში გამოვლინდა ამ ტერმინის რეალური არსი…

 

აქვე გაგახსენებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ს მოგონებას, თუ როგორ მიუტანეს საპატრიარქოში ჟიული შარტავას მკვლელობის თანამონაწილის რუსულ ენაზე დაწერილი, რომელშიც ეწერა:

 

„ჩვენ არ ვიცოდით, ვის ვესროდით, მაგრამ ერთი კია, გაგვაოცა ამ კაცის შეუდრეკლობამ, უშიშრობამ, სიმამაცემ, სამშობლოს სიყვარულმა. მისი სახელი - ჟიული შარტავა - ასანთის კოლოფზე დავწერე, რათა იცოდეთ, როგორი გმირები ჰყავს საქართველოს. და თუ თქვენს ქვეყანას ერთი ადამიანი მაინც ეყოლება მისნაირი, მაშინ საქართველოს გადაშენება არ უწერია...”

 

დიდება და არდავიწყება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებს შეწირული გმირების სახელებს!!!

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner