სამი კარლის კომბინაცია
ისევ აჩრდილი დადის საქართველოში, ისევ აჩრდილი კარლისა... ოღონდ სულ სხვა კარლის, ნაკლებად მასშტაბურის, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში მაინც მძიმე კვალის დამტოვებლის... კარლ ბილდტს ვგულისხმობ, ხომ გახსოვთ კარლ ბილდტი, „ჩვენი ევროპელი მეგობარი“, ერთ-ერთი იმათგანი, სააკაშვილისა და ბოკერიას მიერ სახელმწიფო ხაზინიდან „ქვეყნის ინტერესებისთვის“ მოტეხილი ევრო-დოლარ-ლარებით (სიმღერასავით გამომივიდა) ერთობ რომ მოფერიანდა იმ ავადსახსენებელ წლებში? არცთუ ბოროტი ხმები ამბობენ, რომ მის წილად ასიათასებზეა ლაპარაკი.უფრო კომპეტენტურებს ამაზე მრავალმნიშვნელოვნად ეღიმებათ - ეგ ასიათასებზე დაწვრილმანდებოდაო? მაგრამ ეს უკვე უმნიშვნელო დეტალებია.
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, მე მგონი, მსოფლიოში, სადაც ცნობილ სიტყვათა წყობას - შეთქმულების თეორიები - ბრჭყალებში არ ვსვამთ ხოლმე.
აჩრდილი კი არა, პირდაპირ კარლ ბილდტის „კურთხევით“ მოსუნსულე „მაღალი გვამების“ სათარეშოდ ვართ ქცეული, აგერ უკვე ორი ათეული წელია.
როცა გავიგე, შარლ მიშელმა მედიაციის პროცესისთვის კრისტიან დანიელსონი შეარჩიაო, გულმა, რაღაცნაირად, რეჩხი მიყო - მისი წარმომავლობა მენიშნა ცუდად. უცაბედად, მისი თანამემამულის, კარლ ბილდტის მკრთალი კონტური მოხაზა გონებამ. ჩემ მკითხველს უთუოდ შემჩნეული ექნება, ეჭვის ჭია თუ შემიძვრა ფიქრებში, კბილს აუცილებლად გამოჰკრავს ხოლმე რამეს. ამას, სხვანაირად, გამოცდილებით შეძენილი ინტუიცია ჰქვია.
ჰოდა,.. ძალიან მოკლე დროში ყველა ორღობემდე და ყველა „ზაბეგალოვკამდე“ ჩააღწია „სენსაციურმა“ ამბავმა, რომ ამ ავადსახსენებელ და ქართველების უმრავლესობისთვის სულაც „უხსენებელ“ კარლს, კოლეგა შარლისთვის (არაფრანგულენოვნებისთვის ისიც კარლია) „გამოუტყუებია“ ნებართვა, რომ უშუალოდ მას დაკისრებოდა „უფროსი მეგობარ-მომრიგებლის“ („უფროსი ძმის“ ანალოგია ფიქრებს თავისთავად მოაქვს) „საპატიო მისია“. სიტყვა „სენსაციურს“ ბრჭყალებში იმიტომ ვსვამ, რომ თავისი პოლიტიკური არსით მართლაც სენსაციური ამბავი (საქართველოში ძაღლისა და ღორისთვისაც (გამოთქმაა ასეთი) არ წარმოადგენს საიდუმლოს ცნობები ბატონი კარლის მადიანი სუბიექტური ინტერესების შესახებ), ჩვენი სინამდვილისთვის ძალიან ჩვეულებრივ ამბად, თითქმის ყოველდღიურობადაა ქცეული.
შარლ-კარლის უსტარის მიღებისთანავე ჩვენი ხელისუფლების საგარეო ურთიერთობებზე პასუხისმგებელ პირებს მკვახედ, მაგრამ დიპლომატიურად გაპრიალებულ ენაზე უპასუხიათ, რა კარლ ბილდტი, რის კარლ ბილდტი, ჩვენს ისედაც აწეწილ პრობლემებს კიდევ ცეცხლის შეკეთება უნდაო. „უფროსი მეგობარი“ რისი „უფროსი მეგობარი“ იქნება, არგუმენტების მოსმენა რომ შეეძლოს, ან სულაც, შენი ინტერესები რომ აღელვებდეს? შარლ-კარლს „ქართველების მეგობარი“ კარლისთვის უთქვამს, ასე და ასეაო საქმე და რამე ისეთი მოიფიქრე, ვითომ თხოვნას ვითვალისწინებთ და სინამდვილეში ყველაფერი ისევე დავტოვოთ, როგორც გათვლილ-გაანგარიშებული გვაქვსო. დარწმუნებული ვარ, ამ დროს თვალსაც აუცილებლად ჩაუკრავ-ჩაუპაჭუნებდა.
„ჩვენი მეგობარი“ კარლი აღშფოთებულა - „ამდენს როგორ ბედავენ ეგ მართლა ორთოდოქსი ქრისტიანებიო (ანუ, ეგ ბნელებიო), თავი მართლა დამოუკიდებელი სახელმწიფო ხომ არ ჰგონიათო.“ მერე მაღალსტატუსიანი სეხნიისთვის მწარედაც წაუკბენია - „ხომ არ გავიწყდება, ეგენი ელგებეტეებს რომ ვერ იტანენო.“
„გეყოფა, მეგობარო კარლ, დაწყნარდი, ხომ იცი, პოლიტიკა პოლიტიკაა, დიპლომატია კიდევ დიპლომატია - უთქვამს შარლ-კარლს - შენც ადექი და შენი ქრისტიანი (კალამბურებს ნაყვარება) გაუგზავნე, დანიელსონი, რა განსხვავებაა შენ იქნები თუ ის, მთავარია, დავალება ჩამოვაყალიბოთ სწორადო. თანაც, შენი ერთგული კარლი იქ არ არის, ჰარცელიო?“ მერე მხარზე ხელი მოუთათუნებია - „ისე, რა ხარ, ვინც არ გიცნობს? ფაქტობრივად, მონოპოლია გაქვს აღებული ამ ქვეყანაზეო.“
... ეს ჩანაწერი მარტში თუ აპრილში გავაკეთე, მაგრამ შემდეგ ვიფიქრე - მართალია, ამ უტყუარ ფაქტებზე დაფუძნებული, მაგრამ მაინც ცხელ გულზე ჩახუჭუჭებული აზრებით საქმე არ წავახდინო მეთქი და პერსონალური კომპიუტერის ღრმა უჯრაში გადავინახე. ვინ დაგიფასა მერე? ამ ჩვენის კარლის კარლმა (ჰარცელმა) ისედაც გაშიშვლებულ პოლიტიკურ სხეულზე, უხერხულ ნაწილებს რაც უფარავდა, ისიც შემოიხია და იმის თვალშიც შეირცხვინა თავი, ვისაც ყველა და ყველაფერი ყოველთვის „ცალ ფეხზე“ ეკიდა ხოლმე (კაკლის ქვეშ წამოწოლილ მიხოს ვგულისხმობ).
ასეთ სამარცხვინო ამბებს თავისი სურვილით არავინ ჩაიდენდა, შესაბამისი სპეც-დავალება რომ არ ჰქონდეს მიღებული. თუმცა,.. ეჰ, რა ვუთხრა ჩემ კეთილ გულს, კაცს ბოლომდე რომ ვერ ვიმეტებ ხოლმე... დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევდა, დროებით აქაური კარლი ისეთ დიდ, ნიშნისმოგებით შეზავებულ, სიამოვნებას გამოხატავს (თვალები უბრწყინავს ხოლმე) ყოველი ახალი უტიფრობის გახმოვანებაზე, რომ ეს უნარი შინაგანი უნდა იყოს - მისია. ვაჰ, რა კარგი რამე გამოვიდა - ეს მისია მისია!
ეჰ, კარლ, კარლ (ჰარცელ) - გასხმული აქვთ თქვენს ფავორიტებს ეს არჩევნები!
ეჰ, კარლ, კარლ (ბილდტ) - არ გინდა დაიჯერო, მაგრამ შენი „სულიერი მეგობრის“ (წაიკითხეთ - „გულუხვი სპონსორის“) ადგილი საქართველოში, კარგად მოგეხსენება, სადაც არის!
ეჰ, შარლ-კარლ, შარლ-კარლ (მიშელ) - აბა, რა გითხრა. თუმცა, რაც არ უნდა გითხრა, ჩემისთანა წარსულში ჩარჩენილი (ბნელი), ნეოლიბერალიზმთან ზურგშექცევით მდგომი და ელგებეტეს ვერგამგები კაცისგან მაინც არაფრის მოსმენას ისურვებ.
... დასკვნის სახით, ერთი სამშობლოზე (ბატონებო კარლ, კარლ და შარლ-კარლ - უხსოვარი დროიდან და საბედნიეროდ დღემდე „შემორჩენილია“ ჩვენში ასეთი ცნება) შეყვარებული ქართველი პოეტის სტრიქონებს მოვიშველიებ, ჩემეული, მეტად თანამედროვე, აქტუალური და ერთობ განვრცობითი (ჩემ გვერდით თანამოაზრეთა ზღვაა) ინტერპრეტაციით:
რა ძნელია, რუსთაველო, მეტეხო და დიღმის ველო,
მიდიოდე და ფიქრობდე...
ეს არის ევროპული აზროვნება და ეს არის ევროკავშირი, ჩემო საქართველო?!.
ბიძინა დვალი
27.09.2021