logo_geo
eng_logo
კახეთის პოლიციამ ღვინის ქარხნებში ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა
- +

28 სექტემბერი. 2021. 10:22

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, კახეთის საოლქო პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით დააკავეს ორგანიზებული ჯგუფის წევრები, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი 4 პირი: 1978 წელს დაბადებული მ. ც., 1990 წელს დაბადებული ი.ა., 1960 წელს დაბადებული ნ.ბ., 1974 წელს დაბადებული გ.ც., 1975 წელს დაბადებული ზ. ც. და ​1976 წელს დაბადებული კ.პ. კი პასუხისგებაში მისცეს.

 

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა გ.ც.-მ და მ.ც.-მ დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბეს და სხვა ბრალდებულებთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე ღვინის ქარხნებში, ყურძნის მიღების დროს ელექტროსასწორებზე  განხორციელებული ხელოვნური მანიპულაციის შედეგად, დიდი ოდენობით თანხებს უკანონოდ ეუფლებოდნენ.

 

ბრალდებულებმა სექტემბერში, ერთ-ერთ ღვინის ქარხანაში არსებულ მაღალი ტონაჟის სასწორზე ფარულად დაამონტაჟეს დისტანციური წესით სამართავი მოწყობილობა და დისტანციური მართვის პულტების საშუალებით ახდენდნენ მათ მიერვე მოძიებული, ყურძნით დატვირთული ავტომანქანების წონის ხელოვნურად გაზრდას.

 

პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, ღვინის ქარხნის დათვალიერებისას, კუსტარულად დამზადებული, წონის მომატებისთვის საჭირო აპარატურა, სამართავი პულტი, აგრეთვე, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 4 630 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, საქარველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner