logo_geo
eng_logo
ზურაბ აბაშიძე: მჯერა, 2 ოქტომბერს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას
- +

28 სექტემბერი. 2021. 11:54

 

 

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, თბილისის საკრებულოს, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზურაბ აბაშიძესთან ერთად, საზოგადოების შეკითხვებს ონლაინ რეჟიმში უპასუხა და მთაწმინდის რაიონის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილა. ვიდეოჩართვისას ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას სიტყვით მიმართა და ამომრჩევლებს თვითმმართველობის არჩევნებზე აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.

 

„მჯერა, 2 ოქტომბერს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, მოვა არჩევნებზე და მხარს დაუჭერს მეტ სიცოცხლეს ყველა უბანში. ვფიქრობ, 2017 წლიდან საფუძველი დაედო დედაქალაქის განვითარების შეუქცევად პროცესს. სწორედ ამ პერიოდში დიპლომატიური მისიით ყაზახეთში გავემგზავრე და თბილისში ყოველი დაბრუნებისას ჩემთვის მეტად თვალსაჩინო იყო ქალაქის განვითარება. სწორედ ამის გამო გამიჩნდა მოტივაცია, პირადად ჩავრთულიყავი ამ მნიშვნელოვან საქმეში“, - განაცხადა აბაშიძემ.

 

მაჟორიტარობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მთაწმინდაზე ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ამ მიმართულებით უკანასკნელ წლებში რაიონში არაერთი მსხვილი პროექტი განხორციელდა და ზოგ შემთხვევაში პროცესი ახლაც მიმდინარეობს. მათ შორის, ვერაზე, კერძოდ, ნიკოლაძის ქუჩაზე მდებარე კალათბურთის მოედანს უტარდება სრული რეაბილიტაცია.

 

როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, სარემონტო სამუშაოები ძალიან მალე დასრულდება და შედეგად რაიონს ექნება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კახა კალაძის გუნდის ხელწერას – ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ყველა უბანში. ონლაინ ჩართვის მიმდინარეობისას საუბარი ასევე შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ავარიული სახლების გამაგრება, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სპორტული მოედნების მოწყობა/მშენებლობა და საბავშვო ბაღების, ძველი შენობებისა და პარკების რეაბილიტაცია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner