logo_geo
eng_logo
ავთანდილ თალაკვაძე: ერთად განვაახლოთ ოზურგეთი
- +

28 სექტემბერი. 2021. 19:20

 

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება. იმის გასარკვევად, თუ რას ჰპირდება ოზურგეთს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, ავთანდილ თალაკვაძე, „აიპრესი“ მას პირადად დაუკავშირდა.

 

როგორც კანდიდატმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, არჩევნების მოგების შემთხვევაში ის ოზურგეთში იცხოვრებს და ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით სიცურეს შეესაბამება.

 

– ბატონო ავთანდილ, არჩევნებამდე 1 კვირაზე ნაკლები რჩება. რა გამოხმაურება აქვს თქვენს წინასაარჩევნო კამპანიას ოზურგეთში და რას პირდებით საზოგადოებას მერად არჩევის შემთხვევაში?

 

ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია ოზურგეთში ძალიან აქტიურად მიდის და სულ უფრო მეტი ადამიანის მხარდაჭერა აქვს იმ პროგრამას და ახალ ინიციატივებს, რომელსაც საზოგადოებას ვაცნობთ. ჩვენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჭიროებები და პრობლემები შევისწავლეთ და ამის საფუძველზე მოვამზადეთ 8 პუნქტიანი გეგმა ოზურგეთისთვის. ეს გეგმა მოიცავს: წყლით მომარაგების პრობლემების გადაწყვეტას ქალაქსა და სოფლებში; თანამედროვე სატრანსპორტო სისტემას და ახალი ავტობუსების შესყიდვას ოზურგეთისთვის; ინფრასტრუქტურულ განახლებას – შიდა გზების, საერთო სივრცეების და სოციალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას; საბინაო პრობლემების მოგვარებას; სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი პროექტების მხარდაჭერას, კერძოდ ეს პირველ რიგში, თხილის და მოცვის პლანტაციებს შეეხება – გვაქვს გეგმა, როგორ გავზარდოთ თხილის ფასი შემდგომ წლებში; სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და მწვრთნელების უფრო მეტად მხარდაჭერას; გარემოსდაცვით პრობლემებზე მუშაობას; ოზურგეთისთვის ახალ საინვესტიციო პროექტებზე მუშაობას.

 

განსაკუთრებული თანამშრომლობა მაქვს ახალგაზრდებთან და ვეცდებით, ახალი თაობა კიდევ უფრო აქტიურად ჩავრთოთ ოზურგეთის მართვის და განვითარების პროცესში – მათთან ახალ პროექტებზე მუშაობა საინტერესოა.

 

– მაინც რა არის ის ახალი ინიციატივები, რომელზეც გამორჩეულად შეგიძლიათ ისაუბროთ?

 

8 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, ჩვენ დამუშავებული გვაქვს საინტერესო სიახლეები ოზურგეთისთვის. მათ შორის, მაგალითად:

 

ეს არის მრავალბინიანი კორპუსების განახლების პროექტი . დღეს, ქალაქში კორპუსების იერსახე და მდგომარეობა მოძველებულია და არ შეესაბამება თანამედროვე ქალაქს.

 

გვაქვს მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარების თანმიმდევრული გეგმა, რომელიც ჩემი სოციალური მედიით წარვადგინე.

 

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის რეგიონების განახლების პროგრამით მოხდება ოზურგეთის ცენტრალური პარკის სრული რეაბილიტაცია – გვექნება თანამედროვე პარკი სპორტული, რეკრეაციული და კულტურული სივრცეებით, სადაც ყველა თაობის ადამიანი შეძლებს დასვენებას და თავისუფალი დროის გატარებას.

ვგეგმავთ ახალგაზრდებისთვის სკეიტ-პარკის აშენებას და მოწყობას.

 

კულტურის სამინისტროსთან ერთად, დავიწყებთ ასკანის ციხის საფუძვლიან რეაბილიტაციას , რაც ისტორიულთან ერთად, ოზურგეთისთვის ტურისტული და ეკონომიკური პროექტია.

სოფელ ბახვში ვაპირებთ ბავშვთა საფეხბურთო სკოლის და თანამედროვე სტადიონის მოწყობას.

 

ასევე, დაგეგმილი გვაქვს და მთავრობის მხარდაჭერით, არჩევნების შემდეგ, დაიწყება ოზურგეთში კოსტავას გამზირის სრული რეაბილიტაცია.

 

ვგეგმავთ სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის რეაბილიტაციისა და აბილიტაციის ცენტრის გახსნას ოზურგეთში, რადგან ბენეფიციარებს დღეს სხვა ქალაქებში უწევთ სიარული.

 

გვაქვს კიდევ არაერთი ახალი ინიციატივა, რომელზე მუშაობასაც არჩევნებში გამარჯვებისთანავე დავიწყებთ.

 

– ბატონო ავთანდილ, თქვენი კონკურენტები ავრცელებენ ხმებს, თითქოს გამარჯვების შემდეგ კვლავ თბილისში წახვალთ და ოზურგეთს დიდ ყურადღებას არ დაუთმობთ.

 

პირდაპირ გეტყვით – ეს სიცრუეა. კონკურენტების მხრიდან ასეთი ჭორების გავრცელება უკვე მიუთითებს, რომ წაგებას შეგუებულები არიან. თუ დაუკვირდებით, ამ ტყუილშიც კი მათი დაშვება ჩემი გამარჯვებაა.

 

ჩვენი საზოგადოება განათლებულია და კარგად ერკვევა პოლიტიკაშიც, ისტორიაშიც – ისტორიას არ ახსოვს შემთხვევა, როცა ბრძოლის ველიდან და ქალაქიდან გამარჯვებული გაქცეულიყოს – თუ წასვლაა, წაგებულები მიდიან. მე უკვე ოზურგეთში ვარ და აქ ვაპირებ ცხოვრებას და მუშაობას. ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად, პირველივე ტურში ვგეგმავთ გამარჯვებას და შემდეგი წლები ოზურგეთის განვითარებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ.

 

– ამბობენ, რომ მართვას მოადგილეს გადააბარებთ, კაცს, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსანია.

 

ეს არის დეზინფორმაცია. სიმართლე ის არის, რომ გამარჯვების შემდეგ ოზურგეთში ვიქნები, იმ პოზიციაზე და იმ პასუხისმგებლობით, რასაც ხალხი ჩამაბარებს. არაფრის გადაბარებას არ ვაპირებ. არცერთ სამსახურში არასოდეს გადამიბარებია ჩემი საქმე სხვებისთვის და პასუხისმგებლობისგან არ გავქცეულვარ. რაც შეეხება მერის მომავალ მოადგილეს, რამდენიმე საჯარო შეხვედრაზე ვთქვი და გავიმეორებ – მერის მოადგილედ ქალის კანდიდატურას მოვიაზრებთ.

 

– ბატონო ავთანდილ, ოზურგეთის მერიაში აქტიურად საუბრობენ, რომ თქვენი გამარჯვების შემდეგ თანამშრომლების უმრავლესობას სამსახურებს დაატოვებინებთ. რას იტყვით ამის შესახებ?

 

ეს სიცრუე და გამიზნული ჭორია. მეც მსმენია, რომ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, მოქმედი მერი, რომელიც დღეს, გახლავთ ოპოზიციური კანდიდატი ადგილობრივ არჩევნებში, ასევე, მერიის ზოგიერთი თანამდებობის პირი თანამშრომლებს ეუბნებიან, რომ ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, თითქოს “ყველას სამსახურიდან გაუშვებენ” და “თუ უნდათ სამსახურის შენარჩუნება, ხმა უნდა მისცენ კ. შარაშენიძეს”.

 

მინდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თითოეულ თანამშრომელს, ასევე, მათი ოჯახის წევრებს ვუთხრა – ეს არის სიცრუე, მანიპულაცია და საკუთარი თანამშრომლების შეურაცხყოფა. გამარჯვების შემდეგ, ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას თითოეულ პროფესიონალთან, ვინც დღეს არის დასაქმებული მერიაში, თითოეულთან, ვინც ერთგულად ემსახურება თავის საზოგადოებას და ქვეყანას.

 

– როგორია თქვენი მოლოდინები, რამდენ პროცენტს აიღებს ოზურგეთის ადგილობრივ არჩევნებში ავთანდილ თალაკვაძე და „ქართული ოცნება“?

 

ჩვენი შიდა კვლევებით ჩვენს პოლიტიკურ პარტიას „ქართულ ოცნებას“ ოზურგეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს ქვეყნის მასშტაბით და ეს 56%-ს შეადგენს. კამპანიის ბოლო მესამედში ჩემი, როგორც კანდიდატის მხარდაჭერა 52-53%-ს შეადგენდა. ვფიქრობ ამ შედეგების მიღება რეალურია. მხარდაჭერის ყველაზე კარგი საზომი არჩევნების დღეა – მოქალაქეები იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემიის პირობებში ვართ და ყველამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ საარჩევნო კამპანია და არჩევნები უსაფრთხოდ ჩატარდეს. მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო ჩვენს თანამოქალაქეებს!

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner