logo_geo
eng_logo
გურამ ნასიძე: რუსთაველის და თამარის სიყვარულის შესახებ მითი კომუნისტების მოგონილია…
- +

26 ივლისი. 2016. 18:31

 

 

ექიმ გურამ ნასიძის საქართველოს ისტორიითა და კულტურით გატაცება იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა.


მერე კი ჯერ კიდევ ხელუხლებელ ისტორიულ და ლიტერატურულ თავსატეხებზე მუშაობას წლები შესწირა. კვლევის შედეგები ახალი სიტყვა აღმოჩნდა ქართულ მეცნიერებაში, თანაც საკმაოდ სკანდალური.


რუსთველი ეპისკოპოსი იყო, მისი და თამარის სიყვარულის შესახებ მითი კომუნისტების

მოგონილია


ჩემი განცხადება რევოლუციური არ არის, იმიტომ, რომ ახალს არაფერს ვამბობ. ეს იყო ისტორიული ფაქტები, რომელიც ყველა ქართველმა იცოდა XII-XIV საუკუნეებამდე. რუსთველმა ეპისკოპოსმა პროტესტი გამოუცხადა საქართველოს სამეფო კარს. სამეფო კარმა კი, პასუხად, განდევნა „ვეფხისტყაოსნის" ავტორი.


თამარის მამა, გიორგი მესამე, ტახტის სამართლიანი მემკვიდრე არ ყოფილა. საქართველოს კანონით, მეფობა პირმშოობის ინსტიტუტზე იყო დამყარებული და ტახტიც უფროს ვაჟზე გადადიოდა. როდესაც დემეტრე პირველი, დავით აღმაშენებლის ვაჟი, ბერად აღიკვეცა, ტახტზე მისი უფროსი ვაჟი - დავითი ავიდა და სულ ერთი წელი იმეფა. სომხური წყაროებით, ახალგაზრდა მეფე უმცროსმა ძმამ, შემდგომში გიორგი მესამემ მოწამლა. დავით მეფეს მცირეწლოვანი ვაჟიშვილი - დემეტრე დარჩა. მის სრულწლოვანებამდე უფლისწულის რეგენტად ბიძა, გიორგი დაინიშნა. იგივე სომხური წყაროები წერენ, რომ დავით მეფემ ივანე ორბელს, მის ამირსპასალარს, მცირეწლოვანი უფლისწული აღსაზრდელად მიაბარა. ქართული წყაროები არაფერს წერენ გიორგის გამეფების შესახებ. როგორც ჩანს, გიორგი მეფე ქართველ თავადებს გაურიგდა და რაღაც მანქანებით მათგან ერთგულების ფიცი მიიღო, თორემ რეგენტი მეფობას ვერ ეღირსებოდა. გამეფებულმა გიორგიმ მეორედაც დაარღვია ქართული კანონი, როდესაც საკუთარი ქალიშვილის გამეფება გადაწყვიტა. ძეგლისგებით, ანუ კანონით, ქალი საქართველოში ტახტზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ადის, როდესაც საგვარეულოში კაცი აღარ არის. არადა, ტახტის პირდაპირი მემკვიდრე, დემეტრე ბატონიშვილი, ამ დროს უკვე სრულწლოვანია. საქართველოს ტახტი ყველა შემთხვევაში დემეტრეს ეკუთვნოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, გიორგიმ სხვაგვარად გადაწყვიტა.


ვის ეკუთვნოდა მეფობა - თამარს თუ რუსუდანს?


არის კიდევ ერთი საპოლემიკო საკითხი: გიორგის ჰყავდა ორი ქალიშვილი, თამარი და რუსუდანი.


მეცნიერები მიიჩნევენ, რომ თამარი უფროსია, რუსუდანი კი - უმცროსი, არადა, ეს რომ ასე არ არის, მთელი რიგი ფაქტებით დასტურდება. მეცნიერთა ნაწილი ფიქრობს, რომ რუსუდანი კანონიერი დედოფლის ქალიშვილი კი არა, ხარჭის ნაშობია. ფხოტრერის მონასტერში (სვანეთში) რუსუდანის შეწირული ხატი არსებობს, რომელშიც ჩამოთვლილნი არიან გიორგი მეფე, ასული გიორგისა მეფისა, დედოფალი რუსუდანი და გიორგი მეფის და. თამარი ამ ხატზე არ იხსენიება. როგორც ჩანს, თამარი ჯერ კიდევ არ არის გამეფებული. დედოფლის ტიტულს ამ ხატის მიხედვით, რუსუდანი ატარებს. შესაძლოა, თამარი ამ დროს სრულწლოვანიც არ არის. თამარის გამეფებამდე რუსუდანი მონაზვნად აღკვეცეს. ის 80 წლის ასაკში მონასტერში გარდაიცვალა. რუსუდანზე თამარის ისტორიკოსი გვაძლევს ცნობებს. რაც შეეხება დემეტრე უფლისწულს, ყველაფრიდან ჩანს, რომ ის „ვეფხისტყაოსნის" გმირის - ტარიელის პროტოტიპია. აჯანყების ტიპითაც, დროის მომენტითაც და თვალებდათხრილობითაც... მოგეხსენებათ, გიორგი მესამემ ძმისშვილს თვალებიც დასთხარა და დაასაჭურისა კიდეც.


ტარიელის სისხლის ცრემლები და თვალდათხრილი დემეტრე ბატონიშვილი


 ნაწარმოებში ტარიელს „სისხლის ცრემლები" სდის. როდესაც თვალის კამერა ირღვევა, ადამიანს სისხლნარევი ცრემლი სდის. შესაძლოა, სისხლის ცრემლები „ვეხისტყაოსანში" მეტაფორაც იყოს, მაგრამ ნაწარმოების შესავალში ნათქვამია:


მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა, ქება წარბთა და წამწამთა, თმათა

და ბაგე-კბილისა, ბროლ-ბალახშისა თლილისა, მის მიჯრით მიწყობილისა. გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა".


ანუ, დამიკვეთეს, დამამუშავეს და მეც დავმორჩილდიო, - ამბობს რუსთველი.


აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება, - ძალი მომეც და შეძლება შენგნით მაქვს, მივსცე გონება, მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადმცა უნდა ხსენება".


ან კიდევ:


მო, დასხდეთ, ტარიელისთვის ცრემლი გვდის შეუშრობელი, მისებრი მართ დაბადებით ვინცა ყოფილა შობილი!"


რას ნიშნავს „მისებრი მართ დაბადებით?" ესე იგი, იყო კიდევ ვიღაც, მისებრი, ანუ მისი პროტოტიპი. დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარ-სობილი, აქამდის ამბად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი".


მე ნა რხეული" თვალების დასათხრელი ჯოხის სახელი იყო ძველ საქართველოში. მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული", - ამბობს რუსთველი. ეს სტროფები და დემეტრე ბატონიშვილის თვალთა დაშრეტაც ძალიან ჰგავს ერთმანეთს.


ვისი პროტოტიპია ავთანდილი?


საინტერესოა თავად ავთანდილის გმირი. მე ის ქავთარ ორბელის პროტოტიპი მგონია. ქავთარ ორბელი ივანე ამირსპასალარის შვილია, თანაც სპასპეტია, ამირახორი.

 


რუსთველი წერს:

ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირ-სპასალარისა".


ავთ-ანდილიც ქ-ავთ-არის სახელს უკავშირდება.


მისი სახელი შეფარვით, ქვემორე მითქვამს, მიქია", - ნათქვამია შესავალში. საერთოდ, ასეთი

შეფარვითი ფრაზები პოემაში ძალზე ხშირია. რა თქმა უნდა, „ვეფხისტყაოსანი" მხატვრული ნაწარმოებია და ტექსტის მიხედვით, ასე ხელაღებით ძნელია ისტორიული ფაქტების დადასტურება, მაგრამ „ვეფხისტყაოსანი" რომ შემთხვევით დაწერილი პოემა არ გახლავთ და მის ავტორს რომ შეგნებულად ჰქონდა გააზრებული, რას წერდა და ვის ებრძოდა, ცხადია. ამიტომაც, რუსთველმა ეპიკური ჟანრი აირჩია და ასე სცადა სათქმელის ჩვენამდე მოტანა.


საქართველოს კათალიკოსი და ამოჟლეტილი ქართველი დიდგვაროვნები


რაც შეეხება ავტორს, ის რუსთველი ეპისკოპოსი იყო. რუსთველი რუსთაველად ანტონ კათალიკოსის ახალი გრამატიკის შედეგად იქცა. იმდროინდელ სამეფო კარს კი არათუ ეპისკოპოსი, კათალიკოსიც აუმხედრდა - ნიკოლოზ გულაბერისძე, რომელმაც კათედრა დატოვა და იერუსალიმს მიაშურა. გიორგი მესამემ, როდესაც დემეტრე ბატონიშვილის აჯანყება მოტყუებით დაამარცხა (თუ ჩამბარდებით, ხელს არავის გახლებთო და შემდეგ ყველანი სასტიკად დასაჯა), კათალიკოსს აჯანყებულთა შეჩვენება მოსთხოვა. დემეტრესა და ივანე ორბელის საგვარეულოები ამოწყვიტა. გადარჩნენ მხოლოდ ივანეს ძმა და მისი შვილები, რომლებიც დამხმარე ჯარში იყვნენ წასულები. ჩვილები კლდიდან გადაყარეს. ნიკოლოზ გულაბერისძის შემდგომ კათალიკოსი მიქაელი იყო, რომელმაც აჯანყებულები შეაჩვენა.

შევიდა ეშმაკი სულსა და გონებასა მისსაო", - წერს საეკლესიო შეჩვენება დემეტრე ბატონიშვილზე „ისტორიანი და აზმანში". გიორგი მეფემ ამ შეჩვენების სანაცვლოდ ეკლესიას დიდძალი ძღვენი მიართვა. თუმცა რატომ და რა მიზეზით მოხდა უფლისწულის აჯანყება, ისტორიკოსები დუმან. თამარ მეფეს მიქაელის კათალიკოსობიდან გადაყენება უნდოდა, თუმცა ვერაფრით მოახერხა. ბევრს ეცადნენ და ვერაფერი მოახერხესო, - წერს თამარის ისტორიკოსი. მოგვიანებით, თამარმა ამნისტიაც გამოსცა და გადარჩენილი ორბელები სამშობლოში დააბრუნა. მამის სიმკაცრე შვილმა წყალობით შეცვალა.


სიყვარული - ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თუ დემეტრესა და რუსუდანის?


უნდა ითქვას, რომ „ისტორიანი და აზმანი" უშუალოდ გიორგი მეფის კარნახითაა დაწერილი და მასში ისტორიული ფაქტები გაყალბებულია. ამ ნაწარმოების მიხედვით, დემეტრე უფლისწული მეფის შვილი არ არის და არც დავითი ასულა სამეფო ტახტზე, არამედ მეფედ პირდაპირ გიორგი ეკურთხაო. სომეხი ისტორიკოსი ვარდანი კი წერს, რომ დავითმა ერთი წელი იმეფა, შემდეგ კი მისმა ძმამ, გიორგიმ, მეფე სრულიად ახალგაზრდა ასაკში მოაწამვლინაო.


ჩემი ვარაუდით, რომანში ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის რომანი დემეტრესა და თამარ მეფის დის, რუსუდანის რომანზეა აგებული. საერთოდ, ებრაული გავლენით (რადგან ბაგრატიონები დავითის შთამომავლებად მიიჩნევენ თავს) ბაგრატიონებს შორის დასაშვებად ითვლებოდა ბიძაშვილებს შორის ქორწინება. როგორც ჩანს, გიორგი ქალიშვილისა და ძმიშვილის რომანმა გააცოფა და გადაწყვიტა, ქალიშვილი მონაზვნად აღეკვეცა, ძმისშვილი კი უსასტიკესად დაესაჯა.


სხვა შემთხვევაში არც დემეტრე აჯანყდებოდა და დაელოდებოდა, როდის აღესრულებოდა

ბიძამისი, რომ კანონიერ ტახტს დაჰპატრონებოდა. 1176 წლის 11 აპრილს აჯანყება დაიწყო. სომეხი ისტორიკოსი წერს: იმ დღეს მზე დაბნელდა, მეფის კარავი გაიპო და დაიწყო აჯანყებაო.


„ვეფხისტყაოსანში" ტარიელი ამბობს: მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა, მაგრამ მე ღმერთმა მაშოროს ნდომაი თქვენის ქალისა". ან კიდევ: ინდოეთი ჩემი არის, არვის მივცე ჩემგან კიდე".


ანუ ის, რასაც ტარიელი ითხოვს, მას ეკუთვნის კიდეც. ტარიელის განათლებას არ იკითხავთ?


ბრძენთა მიმცეს სასწავლებლად, ხელმწიფეთა ქცევა-ქმნათა, მზრდიდნენ სრულად საპატრონოდ ლაშქართა და ქვეყანათა". ლაშქართა და ქვეყანათა პატრონი კი მეფეა, ანუ ტარიელს პატარაობიდანვე მეფედ ზრდიდნენ. ომიდან დაბრუნებულს კი კონკურენტად ნესტან-დარეჯანს ახვედრებენ.


ჩემი აზრით, ასეთივე კონკურენტი გამოუჩინეს დემეტრე ბატონიშვილს რუსუდანის სახით და არა თამარის სახით, რადგან დასჯილი რუსუდანი აღმოჩნდა. რაც შეეხება დემეტრე ბატონიშვილის სიკვდილს, როგორც ჩანს, თვალებდათხრილი ბატონიშვილი თამარის დროს გარდაიცვალა და არა გიორგი მესამის დროს. დაკრძალეს სვეტიცხოველში და არა გელათში, სადაც იმ დროს მეფეები იკრძალებოდნენ. შეჩვენებული ბატონიშვილის სვეტიცხოველში დაკრძალვა კი იმას ნიშნავდა, რომ თამარის დროს მას საეკლესიო შეჩვენება უკვე მოხსნილი ჰქონდა, სხვა შემთხვევაში მას ეკლესიის გალავნის გარეთ დაკრძალავდნენ.


(გაზეთი "პრაიმტაიმი". N 8 2009წ)


ავტორი: ია დანელია



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner