სააკაშვილმა ფული არ მისცა თავის გუნდს და პრაქტიკულად უფულოდ ჩაატარებინა მთელი საარჩევნო კამპანია, სწორედ ამ მიზნით თქვა, რომ ჩამოვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილის გუნდში არავის სჯერა, რომ ჩამოვა და თავადაც ამბობენ, რომ ეს არის მორიგი ტყუილი.
„სააკაშვილი აღარ არის საინტერესო. სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პროვოკატორი. მე ავხსნი, ჩვენ როგორ ვუყურებთ ამ პროცესს - ჩვენ თუ გადავხედავთ, მათ მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში არანაირი მზადება არ ჩაუტარებიათ, პრაქტიკულად არ უმუშავიათ საკუთარ ამომრჩეველთან, გარდა საკუთარი პროპაგანდისტული ტელევიზიებიდან დემაგოგიური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისა ჩვენი მისამართით. რეალურად, ისინი ელოდნენ ამ ფაბრიკაციას და ჩანაწერებს, რომელიც გამოყარეს და მორე - სააკაშვილის განცხადებით, ხდება მობილიზება, რომ მეტი ამომრჩეველი მივიდეს უფულოდ. რატომ უფულოდ - დადასტურებული ინფორმაცია მაქვს, რომ სააკაშვილმა უარი უთხრა საკუთარ პარტიას. შიდა საუბრებიდან ვიცით, რომ მისი ნათქვამი იყო, რომ აზრი არ აქვს ამ არჩევნებში დიდი ფულის ჩადებას, იმიტომ, რომ მაინც რა უნდა შეიცვალოს, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და მან ფული არ მისცა, მოპარული ფული არ მისცა საკუთარ გუნდს. რამენაირად რომ აეხსნა და კომპენსირება გაეკეთებინა საკუთარი გუნდის თვალში, რომ ისევ დარჩენილიყო ლიდერად და მელიას არ ჩამოერთმია პარტია და ლიდერობა ბოლომდე, ეს მორიგი იაფფასიანი ფანდი გაათამაშა. ინფორმაცია რომც არ მქონდეს, ძალიან მარტივად იკითხება ამ პრიმიტიული ადამიანების ქმედებები და მეორე - დადასტურებული ინფორმაცია მაქვს, საკუთარი გუნდის წევრები, მათ შორის მელია არის წინააღმდეგი სააკაშვილის ამ პროვოკაციული ქმედების. უფრო მეტს გეტყვით, არავის სჯერა და მასაც არ სჯერა, რომ ჩამოვა, თვითონაც ამბობენ, რომ ეს არის მორიგი ტყუილი. ვინაიდან მან ფული არ მისცა თავის გუნდს და პრაქტიკულად უფულოდ ჩაატარებინა მთელი საარჩევნო კამპანია, სწორედ ამ მიზნით თქვა, რომ ჩამოვა და ჩამოვიდეს, რას იმუქრება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილი მსჯავრდებულია უმძიმეს დანაშაულებებზე, როგორიც არის გირგვლიანის საქმე, ვალერი გელაშვილის მკვლელობის შეკვეთა და ყველა, ვინც ასეთ დანაშაულებში არის მხილებული და მსჯავრდებული, მათი ადგილი არის ციხეში.
„ახლა გამოდიან და ხალხის შეცდომაში შეყვანის მიზნით იხსენებენ თითქოს პიჯაკების საქმეს. სააკაშვილი მსჯავრდებულია უმძიმეს დანაშაულებებზე, როგორიც არის გირგვლიანის საქმე, ვალერი გელაშვილის მკვლელობის შეკვეთა - ეს პირდაპირ მკვლელობა იყო, კაცი გადარჩა სასწაულებრივად. ჩამოვიდეს ნებისმიერი კონგრესმენი, პარლამენტარი, დამიჯდეს და გვითხრას, რომ ს ადამიანი არ უნდა შევიდეს ციხეში. ჩემი პასუხი იქნება მარტივი - ყველა, ვინც ასეთ დანაშაულებში არის მხილებული და მსჯავრდებული, მათი ადგილი არის ციხე. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ეს ადამიანი. ჩვენ პრეცედენტი არ უნდა დავუშვათ. მმართველი ისეთივე მოქალაქეა, როგოც სხვა დანარჩენი და კანონის უზენაესობა უნდა იყოს ყველასთვის თანაბრად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.